ახალი ამბებიხელოვნება

ვენეციის ხელოვნების 57-ე ბიენალეზე საქართველო ვაჟა ჩაჩხიანის პროექტით წარდგება

29 დეკემბერი, 2016 • 2982
ვენეციის ხელოვნების 57-ე ბიენალეზე საქართველო ვაჟა ჩაჩხიანის პროექტით წარდგება

ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენ პროექტზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ვაჟა ჩაჩხიანი გახდა, პროექტისათვის „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“.

მეორე ადგილი ლადო დარახველიძის პროექტს „კავკასიის ისტორიის გაკვეთილი” ხვდა წილად. ხოლო მესამე ადგილზე პროექტი „მეოთხე ოთახი“ დასახელდა. გამარჯვებულები დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილემ, კახი კანდელაკმა დაასახელა.

ვაჟა ჩაჩხიანი პრესკონფერენციას თავად არ დასწრებია და გამარჯვების შესახებ სამინისტრო დღეს აცნობებს. ვაჟა ჩაჩხიანი დაიბადა თბილისში 1985 წელს, სწავლობდა გერაიტ რიტფელდის აკადემიაში ამსტერდამში, აუდიოვიზუალურ ფაკულტეტზე, და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში (UDK). ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში. მისი პროექტის კურატორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ჯულიან ჰეინენია, რომელიც 2003–2005 წლებში იყო გერმანიის ეროვნული პავილონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე, 2008 წელს კი, შანხაის ბიენალეს ერთ-ერთი კურატორი.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩაჩხიანის ინსტალაცია მრავალი მიზეზის გამო შეირჩა. ჟიურის წევრები ამბობენ, რომ შერჩეული პროექტი მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ აწევს ადამიანს სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომლებიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ ადამიანთა წარმოდგენებზე.

“შერჩეული პროექტი საინტერესოა იმითაც, რომ მას აქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული იდენტობა და მასში ასევე წარმოჩენილია ხელოვანის როლი თანამედროვე სამყაროში – ტენოლოგიურადაც და შინაარსობრივადაც,” – ამბობს ანა რიაბოშენკო, კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონური პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი.

ბიენალეს კონკურსის ფარგლებში სამინისტრომ 20 პროექტი მიიღო, რომლებიც შესაფასებლად კომისიის წევრებს გაეგზავნათ. საკონკურსო კომისიის წევრები პროექტებს ინდივიდუალურად, ფარული კენჭისყრით, 4 კრიტერიუმით აფასებდნენ:

  • კონცეფცია და მისი შესაბამისობა ვენეციის ბიენალეს ძირითად კონცეფციასთან მიმართებაში;
  • პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის გამოცდილება;
  • ექსპოზიციის დიზაინი;
  • ბიუჯეტის შესაბამისობა გამოფენის კონცეფციასა და ექსპოზიციის დიზაინთან მიმართებაში.

2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით იტალიის რესპუბლიკაში, ქ. ვენეციაში იმართება ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენა („ვენეციის ბიენალე“). წლევანდელი გამოფენის მთავარ თემას წარმოადგენს “VIVA ARTE VIVA”.

ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონით მონაწილეობის მიზნით,არსენალეს ტერიტორიაზე, შენობაში “Artiglierie”, განისაზღვრა 115 კვ.მ. ფართობის სივრცე.

კონკურსის ფარგლებში, სამინისტროში შემოსული პროექტების განხილვისა და გამარჯვებული პროექტის შერჩევის მიზნით, ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდეგი შემადგენლობის საკონკურსო კომისია დამტკიცდა, რომლის წევრებიც იყვნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის ისტორიის მუზეუმის კურატორი ლილი მამაცაშვილი და ხელოვანი აკაკი რამიშვილი.

ასევე ჩარლზ მერევეზერი – თბილისის ისტორიის მუზეუმის ფარგლებში პროექტის, თანამედროვე ხელოვნების გალერეის კურატორი და ბიორნ გელდჰოფი – PinchukArtCentre-ის კურატორი და თაანამედროვე ხელოვნების ცენტრის YARAT არტისტული და სტრატეგიული დირექტორი.

“სასიხარულოა, რომ ამ რაოდენობის პროექტები შემოვიდა. ერთათადერთი ვისურვებდი, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეღო მოანაწილეობა. ისეთი შესაძლებლობები, როგორიც ახლა აქვს მომავალ თაობას, ადრე ნამდვილად არ გვქონია,” – ამბობს გიორგი გეგეჭკორი.

კონკურსში მონაწილე პროექტების კონცეფციები კულტურის სამინისტროს საიტზე განთავსდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი