ახალი ამბებისამართალი

პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმაზე ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა

29 დეკემბერი, 2016 • 3806
პარლამენტმა სასამართლო სისტემის  რეფორმაზე ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა

დღეს, 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 87 ხმით დაამტკიცა “საერთო სასამართლოების შესახებ” მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.  ეს პაკეტი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღის სახელითაა ცნობილი.

ცვლილებების მიხედვით, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაამწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები, თუ მათ აქვთ საქართველოს საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.“

ამავე პროექტით, რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, თუმცა ელექტრონული განაწილების პრინციპი სრულიად საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება.

“2017 წლის ივლისიდან ამოქმედდება ელექტრონული სისტემა. საპილოტე რეჟიმში ჩაერთვება რუსთავის საქალაქო სასამართლო და ეტაპობრივად ყველა სასამართლო დაიწყებს ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას.  წლის ბოლომდე ყველა სასამართლო დაიწყებს,” – ამბობს ეკა ბესელია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს წევრთა – მოსამართლეთა რაოდენობაა არანაკლებ 16-ისა. საჭიროების შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს პლენუმი იღებს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობის გაზრდის შესახებ.

ამასთან,  სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავთ თავმჯდომარეები, რომლებსაც  შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

რაც შეეხება მივლინებას, მოსამართლე შეიძლება მივლინებულ იქნეს სხვა სასამართლოში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანხმობით, 1 წლამდე ვადით. მივლინების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 1 წლით, რისთვისაც აუცილებელია მოსამართლის თანხმობა.   ერთი და იგივე მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში შეიძლება მივლინებულ იქნეს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. მოსამართლის მივლინება მისი თანხმობის გარეშე შესაძლებელია 1 წლამდე ვადით.

“ჩვენ მივიღეთ მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის ცვლილებათა პაკეტი. ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტია, რომელც საქართველოში უზრუნველყოფს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდეგომ გამტკიცებას,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი