ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჯანელიძე: უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის აფხაზებს და ოსებს ბიომეტრიული პასპორტი დასჭირდებათ

29 დეკემბერი, 2016 • 4773
ჯანელიძე: უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის აფხაზებს და ოსებს ბიომეტრიული პასპორტი დასჭირდებათ

“ვიზის ლიბერალიზაციის სარგებლობისთვის პირველი წინაპირობაა ბიომეტრიული პასპორტის ქონა და ეს  პირობა უნდა დაკმაყოფილდეს”,- ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეკითხვას, თუ რა საბუთები დასჭირდებათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის.

“პირველი წინაპირობა ვიზის ლიბერალიზაციით სარგებლობის, როდესაც ის ამოქმედდება, ეს არის ბიომეტრიული პასპორტის ქონა, ეს არის #1 წინაპირობა და ეს პირობა, რა თქმა უნდა, უნდა დაკმაყოფილდეს”,- განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიდის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის. ჯანელიძიემ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ინფორმირება და სწორი კამპანიის წარმოება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს აუცილებლად უნდა შესთავაზონ  ვიზის ლიბერალიზაციიდან გამომდინარე სარგებელი, თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა:

“უვიზო გადაადგილების შესაძლებლობა ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რაც ნიშნავს [რომ უვიზო მიმოსვლა ხელმისაწვდომი ხდება] საქართველოს პასპორტის მფლობელებისთვის, პასუხი არის ერთი და ნათელი, ჩვენი ვალდებულებაა, რომ თვითონ ეს პროცედურა გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი”,- განაცხადა ქეთი ციხელაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი