ახალი ამბები

რა ხდებოდა “თეთრი ხმაურის” აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესზე

29 დეკემბერი, 2016 • 2087
რა ხდებოდა “თეთრი ხმაურის” აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლემ, მერი გულუაშვილმა 10 დეკემბრს, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქციაზე დაკავებული შოთა ხინჩასა და მირიან მალაყმაძის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 20 იანვრისთვის გადადო.

ორივე მათგანს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლომას გულისხმობს.

პოლციიის წარმომადგენლების განცხადებით, აქციის მონაწილეებს თავიდანვე განემარტათ, რომ არ დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი.

თუმცა, პოლიციელების თქმითვე, როდესაც მონაწილეებს აქციის ორგანიზატორებმა მოუწოდეს, რომ დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი, დემონსტრანტებმა ტროტუარიდან გზისკენ გადაინაცვლეს, მაგრამ ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე ამის საჭიროება არ ყოფილა. პოლიციელების თქმითვე, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ.

შოთა ხინჩას თქმით, გზის გადაკეტვა სპონტანურად მოხდა:

“გზა გადაიკეტა აბსოლუტურად სტიქიურად, მიუხედავად იმისა, რა მოწოდებები იყო,”- განაცხადა მან სასამართლო პროცესზე.

შოთა ხინჩას თქმითვე, პოლიციელებს არ ჰქონდათ ერთგვაროვანი მოწოდებები. კერძოდ, პოლიციელების ნაწილი მოუწოდებდა მათ, რომ დაეტოვებინათ გზის სავალი ნაწილი, ხოლო ნაწილი ამბობდა, რომ დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთი ზოლი.

მალაყმაძისა და შოთა ხინჩას ადვოკატებმა პროცესზე განაცხდეს, რომ როდესაც აქციაზე ხალხის მასა იზრდება, მონაწილეებს უფლება აქვთ, სავალი ნაწილი დაიკავონ. ადვოკატების განცხადებით, ხინჩაგაშვილი და მალაყმაძე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს.

სასჯელის სახით პოლიციამ პატიმრობა მოითხოვა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, შოთა ხინჩასა და მალაყმაძეს პოლიცია ედავებოდა არა მარტო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, არამედ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვასაც (ადმინისტრაციული კიდექსის 174 პრიმა მეოთხე ნაწილი). ადვოკატების განცხადებით, ისინი 27 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს და შესაბამისი ოქმი სწორედ მაშინ შედგა. ეს ადმინისტრაციული საქმე სხვა მოსამართლეს აქვს დაწერილი და ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ ორივე საქმე ერთ მოსამართლეს განეხილა. მოსამართლე მერი გულუაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი