ახალი ამბები

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტების სასამართლო პროცესი აქციის ფონზე გაიმართება

28 დეკემბერი, 2016 • 4163
“თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტების სასამართლო პროცესი აქციის ფონზე გაიმართება

29 დეკემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქციაზე დაკავებულების, შოთა ხინჩასა და მირიან მალაყმაძის პროცესი გაიმართება. პარალელურად სასამართლოს ეზოში მათ მხარდასაჭერად მოძრაობის აქტივისტების აქცია დაიგეგმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შოთა ხინჩასა და მირიან მალაყმაძეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავება, ხოლო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ პოლიცია ამ ფორმით პროტესტის კრიმინალიზაციას ცდილობს. “თეთრი ხმაურის მოძრაობა” აცხადებს, რომ არც ერთ მხარდამჭერს არ დატოვებს უსამართლო სისტემასთან პირისპირ.

10 დეკემბერი არის ადამიანის უფლებების დღე, აქციის ამ დღეს ჩატარება კი სიმბოლურ ხასიათს ატარებდა იმის წარმოსაჩენად, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის ბრძოლა არის ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლა.

მოძროაბა აცხადებს, რომ ამ დღეს პოლიციამ აქციის მონაწილეებს თვითონ შეუზღუდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და “რამდენადაც ირონიული არ უნდა იყოს, მათ ამ უფლების განხორციელების წესის დარღვევას ედავება.”

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ეს მუხლი ხშირ შემთხვევაში მათ მიმართ გამოიყენება, ვინც მოქალაქეებს მანიფესტაციის უფლებას უზღუდავს, ხოლო მონაწილეების წინააღმდეგ მისი გამოყენების პრაქტიკაზე დიდი ხანია ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ეს მოცემულობა გვაფიქრებინებს, რომ სისტემა ცდილობს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევითა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვით. ადმინისტრაციული წესით მანიფესტანტების და ორგანიზატორების უსაფუძვლო დევნა არის ჩვენი მხარდამჭერების დაშინების მცდელობა.”

ამის მიუხედავად, “თეთრი ხმაურის მოძრაობა” აცხადებს, რომ კვლავაც გააგრძელებს არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკასთან უკომპრომისო ბრძოლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი