ახალი ამბებიეკონომიკა

პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ. ლარიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებების პაკეტს

28 დეკემბერი, 2016 • 2062
პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ. ლარიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებების პაკეტს

დღეს, 28 დეკემბერს, პარლამენტმა პირველი მოსმენით, 90 ხმით 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა  მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებების პაკეტს, რომლის მიხედვით, ქონების რეალიზაციისა და რეკლამირებისას ფასი მხოლოდ ლარში უნდა გამოისახოს, ხოლო ონლაინ-სესხები რეგულირების ქვეშ მოექცევა.

კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ე.წ. ლარიზაციის პროგრამას შეეხება, დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.

მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას, ასევე ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი- 2000 ლარით. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 1000, ხოლო იურიდიულ პირს 5000 ლარის ჯარიმა დაეკისრება.

ამასთან, სესხის შემთხვევაში ყველა საკომისიოს, საპროცენტო სარგებლის, სესხის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის მსესხებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ძირი თანხის ორმაგ ოდენობას. ცვლილებები შეეხება როგორც იურიდიულ, ასევე, ფიზიკურ პირებს.

რაც შეეხება ონლაინ-სესხების ბაზრის რეგულირებას, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს.

ასევე დგინდება შეზღუდვები უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემასთან დაკავშირებით და გაცემა დასაშვები გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასაცემი თანხის ოდენობა აღემატება 100 000 ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი