ახალი ამბები

სემეკი გეგმავს, 2017 წელს “სოკარის” არეალში ერთი ტარიფი დაადგინოს

28 დეკემბერი, 2016 • 3823
სემეკი გეგმავს,  2017 წელს “სოკარის” არეალში ერთი ტარიფი დაადგინოს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განცხადებით, 2017 წლიდან “სოკარის” არეალში მოქმედი ტარიფები განსხვავებული აღარ იქნება.

ეს განცხადება ირინა მილორავამ 28 დეკემბერს, სემეკის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა.

მანვე ისაუბრა მიზეზების შესახებ, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა ამ დრომდე “სოკარის” არეალში, რომელიც თბილისის გარდა საქართველოს ფარავს, ერთი ტარიფის დადგენა:

“2015 წელს დავიქირავეთ აუდიტორული კომპანია, რომელსაც უნდა შეემოწმებინა სოკარის აფილირებულ კომპანიები – ორი გამანაწილებელი კომპანიაა, სოკარ ჯორჯია გაზი და საქორგგაზი. დავიწყეთ მომზადება სოკარის ტარიფების გადახედვისთვის. შევუშვით აუდიტორული კომპანია, რომელსაც უნდა შეეფასებინა რეგულირებადი აქტივების ბაზა, ეს არის აქტივები, რომლებიც მონაწილეობს განაწილების საქმიანობაში. ჩვენ ველოდებით, რომ 2017 წელს ასევე გადავხედავთ ბუნებრივი გაზის ტარიფებსაც და ერთხელ როგორც კი მოექცევიან ახალ მეთოდოლოგიაში, შემდეგ გეგმურად მოუწევთ ყოველწლიურად.

ძალიან რთული იყო სოკართან ამის გაკეთება. სოკარი 2 წლის განმავლობაში მსხვილდებოდა – ჯერ იყო ბევრი რეგიონალური კომპანია, შემდეგ ეს რეგიონალური კომპანიები გამსხვილდნენ, კიდევ დაემატნენ სხვა კომპანიები, ახალი გაზიფიცირებული არეალები მიუმატეს. ახლა უკვე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდა, დავინახეთ, როგორია კომპანია. რეგულირებადი აქტივების ბაზა, რაც არის კაპიტალური დანახარჯების განსაზღვრის ერთ-ერთი ძირითადი ბაზისი, ესეც შეფასებული გვაქვს. დავიწყებთ საოპერაციო დანახარჯების შეფასებასაც და პრინციპში, მივიღებთ “სოკარის” არეალში ერთ ტარიფს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს სოკარის არეალში არის ბევრი ტარიფი, ალბათ, ასზე მეტი, რაც ერთი კომპანიის ფორმატში არ არის სასურველი. ამიტომ, ჩვენ როდესაც გადავხედავთ სოკარის ტარიფს, სოკარის არეალში გვექნება ერთი ტარიფი, მაგალითად, როგორც არის “ენერგო პრო ჯორჯიას” შემთხვევაში – მთელ საქართველოში ერთი ტარიფი,”- განაცხადა ირინა მილორავამ.

თუ რა სამომხმარებლო ტარიფი მოქმედებს გაზზე თქვენს ქალაქში თუ რეგიონში, შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი