ახალი ამბები

სად-ის ექსმაღალჩინოსანი და რ2-ის დაცვის ყოფილი უფროსი ქალთა ფონდის აქციის წინააღმდეგ

28 დეკემბერი, 2016 • 4980
სად-ის ექსმაღალჩინოსანი და რ2-ის დაცვის ყოფილი უფროსი ქალთა ფონდის აქციის წინააღმდეგ

თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც დღეს “ქალთა ფონდს” გარემოსდაცვითი აქციის გამართვაში ხელი შეუშალა, სად-ის ყოფილი უფროსის პირველი მოადგილე ზურაბ ასანიშვილია, ხოლო მეორე – “რუსთავი 2”-ის დაცვის ყოფილი უფროსი თეიმურაზ კოვზიაშვილია, რომელიც სამსახურიდან ამ ტელევიზიაში აღმოჩენილი სათვალთავლო კამერების შემდეგ დაითხოვეს.

დღეს დედაენის ბაღში ქალთა ფონდის აქციის მიმდინარეობის დროს მივიდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის ფორმები ეცვათ. ისინი ცდილობდნენ აქცია აღეკვეთათ და ამ მხრივ განსაკუთრებით ერთ-ერთი მათგანი აქტიურობდა, რომელმაც ვინაობა არ გაუმხილა აქციის მონაწილეებს, თუმცა მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ეს გახლდათ სწორედ თეიმურაზ კოვზიაშვილი. კოვზიაშვილი სხვა პირებთან ერთად სთხოვდა აქციის მონაწილეებს, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა აქციის მონაწილეებს.

2014 წლის 6 მაისს საქართველოს მთავარმა პორკურატურამ გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მომხდარი პირადი საუბრების შესაძლო ჩაწერა-მიყურადების ფაქტზე. პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე მათ ჩვენება მისცა თეიმურაზ კოვზიაშვილმა, რომელიც მაშინ იყო რუსთავი 2-ის დაცვის სამსახურის უფროსი და ჩვენების მიცემის შემდგე დაითხოვეს ტელევიზიიდან. პროკურატურას კოვზიაშვილმა მიაწოდა ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვით, 2012 წლის 21 დეკემბერს რუსთავი 2-ში იმყოფებოდნენ მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრები.

თეიმურაზ კოვზიაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

თეიმურაზ კოვზიაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

“მისივე ჩვენებით, ამ დღის შემდეგ იგი დაინტერესდა ხსენებული პირების ვიზიტის შედეგებით, რა დროსაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი სამუშაო კაბინეტის ჭერში აღმოაჩინა ფარული აუდიო-ვიდეომოწყობილობის მონტაჟის კვალი. აღნიშნულის შესახებ მან დაუყონებლივ აცნობა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ამ საკითხზე არ ენერვიულა, ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა საკუთარი სამსახურებრივი საქმიანობა და ზედმეტი ინიციატივები არ გამოეჩინა.
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ მან სცადა ნიკოლოზ გვარამიასთან გასაუბრება, რასაც ვერ მიაღწია და შედეგად გაათავისუფლეს თანამდებობიდან და დაატოვებინეს სამუშაო ოთახი”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც 2014 წლის 9 მაისს გაავრცელეს.

ამ ფაქტის კომენტირებისას რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ კოვზიაშვილის დათხოვნდა ფირების აღმოჩენის შემდეგ ლოგიკური იყო, ხოლო ფარული თვალთვალის კვალი, მისი ვარაუდით, მიდიოდა კოვზიაშვილამდე რუსთავი 2-ის დაცვის უფროს ვლადიმერ ბუნტურიძემდე, რომელიც შემდეგ დაწინაურდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.

ზურაბ ასანიშვილი. კადრი ვიდეოდან. 28.12.2016. ნეტგაზეთი

ზურაბ ასანიშვილი. კადრი ვიდეოდან. 28.12.2016. ნეტგაზეთი

იმავე, 2014 წლის მაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პარლამენტარმა ირმა ნადირაშვილმა გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ზურაბ ასანიშვილმა 2013 წლის დეკემბერში ხელფასის სახით აიღო 28 321 ლარი, ხოლო ვლადიმერ ბუნტურიძემ- 38 390 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი