მოვლენები
ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ჯანელიძე: EU-ს წევრობაზე განაცხადს მაშინ გავაკეთებთ, როდესაც მზად ვიქნებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მაშინ გააკეთებს, როცა ქვეყანა ამისთვის მზად იქნება და შესაბამისი პოლიტიკური კონტექსტიც იარსებებს:

“ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს მაშინ, როდესაც ჩვენც მზად ვიქნებით და შეაბამისი პოლიტიკური კონტექსტიც იქნება მზად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყოს გასაგები, შესრულებადი და რეალური”,- განაცხდა ჯანელიძემ დღეს, 28 დეკემბერს, “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში” ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც მინისტრმა წლის სამუშაო შეაჯამა და მედიას 2017 წლის გეგმები გააცნო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა იმ გარემოებების შესახებაც, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის შესახებ არსებობს. ჯანელიძე ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი მიზანი წევრობაა, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა, თუმცა:

“ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ევროკავშირის პოლიტიკა გაფართოებაზე არ არის ორიენტირებული, ეს გაცხადებული პოლიტიკაცაა ევროკავშირის მხრიდან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახლახან დავიწყეთ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია, ასოცირების შეთანხმება წელს ამოქმედდა სრულად, ამიტომ ის   6-პუნქტიანი გეგმა უზრუნველყოფს საქართველოს განვითარებას იმ დონეზე, რომ ჩვენთან მიმართებაში მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება დარჩენილი”,- განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, მთავრობამ მოსახლეობას ცრუ მოლოდინები არ უნდა გაუჩინოს და “არ უნდა ვუთხრათ, რომ ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი. 2017 წელს მე ვერ დავგეგმავ ევროკავშირში გაწევრიანებს იმიტომ, რომ ეს არარეალურია”. ჯანელიძემ განმარტა, რომ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ჰარმონიზაციას გულისხმობს, თუმცა ის არ არის წევრობის არც წინაპირობა და არც განმსაზღვრელი:

“ყოველთვის ვაცხადებთ, რომ ასოცირების შეთანხმება არ არის ჩვენი მაქსიმუმი და ჩვენი მიზანია წევრობა და ამ წევრობას ვუახლოვდებით გეგმაზომიერად და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ ნაბიჯს  და თითოეულ რეფორმას”,- განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს პარლამენტში 21 დეკემბერს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა, სადაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ასოცირების შეთანხმება არ წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების საბოლოო მიზანს და ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების პატივისცემის პირობებში, საქართველოს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისათვის.

ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com