ახალი ამბები

სად გამოირთვება ელექტროენერგია ახალი წლის ღამეს?

29 დეკემბერი, 2016 • 3130
სად გამოირთვება ელექტროენერგია ახალი წლის ღამეს?

“თელასი” დღეს, 29 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის რამდენიმე ქუჩას 6-8 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს.

28 დეკემბერს დიდუბე-ჩუღურეთის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია სარემონტო სამუშაოების გამო არ მიეწოდებოდა, თვის დასაწყისში კი თბილისის 100-მდე ქუჩა ღამით განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. თელასი თითქმის ყოველდღე ავრცელებს ინფორმაციას თბილისის სხვადასხვა უბანში ელექტრონერგიის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას. გეგმური და დაზიანებებით გამოწვეული გათიშვები იყო რეგიონებშიც.

აქედან გამომდინარე “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, უნდა ველოდოთ თუ არა ელექტროენერგიის გათიშვას ახალი წლის დღეებში და ელექტროენერგიის გამანაწილებელ სამივე კომპანიას დაუკავშირდა.

“თელასმა”, “ენერგო პრო ჯორჯიამ” და “კახეთის ენერგოდისტრიბუციამ” განაცხადეს, რომ ახალი წლის დღეებს მომზადებული ხვდებიან და გეგმური სამუშაოები გათვალისწინებული არ აქვთ.

რაც შეეხება დაზიანებებს, კომპანიები აცხადებენ, რომ იმუშავებენ განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა დაზიანებები მალე აღმოიფხვრას.

“საახალწლო დღეებში არავითარი გეგმური გამორთვა კახეთის ენერგოდისტრიბუციიდან არ იგეგმება, თუ, რა თქმა უნდა, არ შეიქმნა რაიმე ავარიული სიტუაცია. თქვენც მოგეხსენებათ, როგორი ხარჯვაა ამ დღეებში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, მომენტალურად, დაზიანების შემთხვევაში, რაც გაკეთდება,” – აცხადებენ “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” პრესსამსახურში.

“პირველში და ორში როგორ იქნება გათიშვები? ვცდილობთ, რომ დასვენების დღეებში ნაკლებად იყოს გეგმიური სამუშაოების გამო შეზღუდვები, ან თუ არის, საათების რაოდენობა შევამციროთ ძალიან მინიმალურად,” – განაცხადეს “ენერგო პრო ჯორჯიაში“.

“ერთი კვირის წინ გამოიცა გენერალური დირექტორის ბრძანება, რომ მომზადებული შევხვდეთ გაძლიერებული შემადგენლობით საავარიო სამსახურები, რომ თუ რაიმე უწესრიგობა იქნება ქსელში, აღმოფხვრას. მორიგეობის გრაფიკი  უკვე გაწერილია. ამ პერიოდში გაზრდილი იქნება ტექნიკური მუშაკების რიცხოვნება, რომლებიც იმორიგევებენ 24 საათის განმავლობაში,”- განუცხადეს ნეტგაზეთს “თელასის” პრესსამსახურში.

აქვე აღნიშნეს, რომ გაძლიერებული შემადგენლობით მუშაობა შეეხება 30 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პერიოდს.

 

რაც შეეხება სხვა კომპანიებს, 24 დეკემბრის შემდეგ “ენერო-პროს” გეგმური გათიშვების შესახებ არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია.  “კახეთის ენერგოდისტრიბუციამ” ბოლოს 27 დეკემბერს გამორთვების შესახებ გამოაქვეყნა ცნობები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი