ახალი ამბები

ბოკერიას თქმით, ბელადის მხარეს მყოფი ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს ენმ-ს

27 დეკემბერი, 2016 • 2291
ბოკერიას თქმით, ბელადის მხარეს მყოფი ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს ენმ-ს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ბელადის [მიხეილ სააკაშვილის] მხარეს მყოფი ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს პარტიას. ამის შესახებ მან ქვორუმის არარსებობის გამო ენმ-ის შეუმდგარი პოლიტსაბჭოს შემდეგ ისაუბრა.

“სამწუხაროდ, პარტიის ის ნაწილი, რომლის ზოგადი პოზიცია ყოველთვის ის იყო, რომ მიშა როგორც იტყვის, ავტომატურად უნდა ყოფილიყო ისე და ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, როგორც ეს იყო პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით, რითიც დაიწყო ეს ძალიან ცუდი და ბინძური კამპანია, ეს ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს ამ პარტიას. პირველ რიგში, ეს მდგომარეობს ამ კამპანიაში ივანიშვილთან გარიგებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამაში თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო მონაწილეობა, იხილეთ მისი გამოსვლა ზუგდიდში, და გაგრძელდა პარტიის ლეგიტიმური ორგანოების ბოიკოტირებით. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა,” – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, დათო ბაქრაძეს ჰქონდა ძალიან გულწრფელი მცდელობა, რომ ეს არანორმალური ვითარება შეცვლილიყო და მის გამოსვლაზე რეაქცია იყო – “ნახეთ, როგორ შეეშინდა”.

“მძიმეა ეს ვითარება. ჩვენ ვხვდებით ჩვენი პარტიის რიგით წევრებს, გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლისათვის, მაგრამ ვშიშობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს ხელში არ არის ეს გასაღები. ეს გასაღები არის ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის ხელში და მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფის ხელში, რომელიც ამ სიბინძურეს, ამ ტალახს ისვრის და ასე სამარცხვინოდ იქცევა, სამწუხაროდ. მეტს ვერაფერს გეტყვით. როცა გვექნება ლოგიკური დასასრული ჩვენი კონსულტაციების, მერე გეტყვით უკვე დამატებით ინფორმაციას.”

როგორც ბოკერია ამბობს, მეორე ჯგუფი საფრთხეს უქმნის პარტიის ლეგიტიმური ორგანოების მუშაობას:

“სამართლებრივად, ისინი როგორც იქცევიან, ამით [პარტიის მუშაობის] ლეგიტიმურობას თვითონ. მთავარი პრობლემაა ზოგადი დამოკიდებულება, როგორც მოგახსენეთ, რაც დაიწო პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით: კამპანია ღალატზე, კამპანია ივანიშვილთან გარიგებაზე, მერე უკვე საკუთარი პარტიის ლეგიტიმური ორგანოების უგულებელყოფა და ასეთი დამოკიდებულება; თუ მნიშვნელობა არ აქვს, რას იზამს პოლიტსაბჭო: პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თუ აწყობთ, ის კარგია, მერე უკვე რაღაც “საფრთხე” დაინახეს და ბოიკოტი გამოუცხადეს. გახსოვთ, რომ პოლიტსაბჭომ მიიღო წინა ჯერზე გადაწყვეტილება, რომელსაც მე არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ჩვენი რეაქცია იყო, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი და ეს ასე უნდა იყოს. მეორე მხარე, ვის თვალშიც მიშა ავტომატურად ყოველთვის მართალია, იქცევიან სრულიად საპირისპიროდ; არ მოსწონთ ან პერსპექტივაში ხედავენ რამე საფრთხეს. მათი აზრით, ლეგიტიმური ორგანოების გადაწყვეტილებებს, უბრალოდ, ბოიკოტს უცხადებენ ან ღალატზე/შეთქმულებაზე საუბრობენ.”

ბოკერიას თქმით, იმ მიდგომით, რომ “ბელადი” რასაც იტყვის, ავტომატურად არის მართალი და არ აქვს პროცედურებს მნიშვნელობა, მოქმედი რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის წინსვლა შეუძლებელია.

“მთავარი პრობლემაა ის, რომ ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ივანიშვილის რეჟიმის გამო: ეკონომიკურად, პოლიტიკურად, უსაფრთხების თვალსაზრისით… ამ გზით, ამ მეთოდებით და ამ დამოკიდებულებით, რომ ბელადი რასაც იტყვის, ავტომატურად არის მართალი და არც პროცედურას აქვს მნიშვნელობა, ტალახი ესროლო შენს თანაგუნედლებს და ყოფილი თანაგუნდელები უწოდო იმის გამო, რომ არ დაგეთანხმნენ რაღაცებში, ამ გზით მოქმედი რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის წინსვლა ვერ მოხდება. სწორედ ამიტომ არის ეს გამოწვევა, პირველ რიგში,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნეტგაზეთის კითხვაზე, აპირებს თუ არა მისი თანამოაზრეები პარტიაში სააკაშვილის მხარეს მყოფი გუნდის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას, ბოკერია პასუხობს:

“ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ სასამართლოსთვის მიმართვას. ნამდვილად არ ვაპირებთ, მაგრამ თვითონ ეს დამოკიდებულება, რომელიც მეორე ჯგუფს აქვს, სამართლებრივ პრობლემებს ქმნის და შეუძლებელს ხდის ყრილობის ცივილიზებულად ჩატარებას. ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ როგორ შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა პარტიის გახლეჩის გარეშე – ეს არის ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე.”

კვორუმის არარსებობის გამო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა ვერ შედგა. პარტიიდან აზერ სულეიმანოვის გასვლის შემდეგ ენმ-ის პოლიტსაბჭოში 59 წევრი ირიცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ კვორუმი 30-ია. პარტიის 27-მა წევრმა (ამ დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილთან აფილირებულმა პოლიტიკოსებმა) დღეს განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ისინი პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობას არ აპირებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი