ახალი ამბები

რა პრიორიტეტები ექნება იუსტიციის სამინისტროს 2017 წელს?

27 დეკემბერი, 2016 • 3366
რა პრიორიტეტები ექნება იუსტიციის სამინისტროს 2017 წელს?

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს, 27 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროს მუშაობის 4 წელი შეაჯამა და ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც, მისი თქმით, სამინისტროს ექნება.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, სასამართლოში შეიქმნება კომერციული პალატები:

“იგეგმება მართლმსაჯულების სფეროში კომერციული პალატების შექმნა, მედიაციის შემოტანა, რომ მოსამართლეებს დავეხმაროთ, რომ არ იყვნენ გადატვირთული პატარა საქმეებით, არამედ უფრო დიდი და პრეცედენტული მნიშვნელობის საქმეებზე დახარჯონ დრო და ენერგია. ასევე, გავაუმჯობესოთ სერვისები, მაგალითად, სანოტარო ბიუროებში,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომერციული პალატების შექმნა “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო პროგრამით ჰქონდა განსაზღვრული. კერძოდ, პროგრმის თანახმად, კომერციული პალატები სპეციალიზებული იქნება ძვირადღირებული კომერციული საქმეების განხილვაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.

იუსტიციის სამინისტროს მიერ დაანონსებული რეფორმის თანახმად, პარლამენტი სტამბულის კონვენციის რატიფიცირებას მოახდენს და  ბავშვთა და ქალთა უფლებების, ოჯახში ძალადობის სფეროებში მოქალაქეებისთვის უფრო მეტი საკანონმდებლო გარანტია შეიქმნება.

ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია სტამბულში 2011 წელს მიიღეს. ის ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენციაა. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ. კონვენციას საქართველომ ხელი 2014 წელს მოაწერა, თუმცა საჭიროა პარლამენტის მიერ რატიფიცირება და კანონმდებლობის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა და ომბუდსმენმა არაერთხელ მოუწოდა სახელმწიფოს, რომ კონვენციის რატიფიცირება მოეხდინათ.

იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ძრითადი პრიორიტეტი ელექტრონული მმართველობის გაძლიერება იქნება.

“ეს მიმართულებები მომავალში იქნება წამყვანი: მშენებლობა კანონებით, მშენებლობა ინფრაქტრუქტურით და ელექტრონული მმართველობის გაძლიერება ჩვენს ქვეყანაში,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ელექტრონული მმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით მუშაობის 4-წლიანი პერიოდის შემაჯამებელ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მიმიდნარეობს 4 ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობა. მათ შორის, იწერება სისხლის სამართლის ელექტრონული სისტემის ახალი ვერსია, რომელმაც სასამართლოები, პროკურატურის ორგანოები, შსს-ს გამომძიებლები, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები და სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში სხვა მონაწილეები ერთ სისტემაში უნდა გააერთიანოს.

გარდა სამომავლო გეგმებისა, მინისტრმა გატარებულ რეფორმებზეც და სხვა განხორციელებულ საქმიანობაზეც ისაუბრა. მინისტრმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ოთხი წლის განმავლობაში სამინისტრომ მოამზადა 80 რეფორმა, რომელსაც თანმდევი 240-მდე კანონპროექტის მიღება მოჰყვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი