ახალი ამბები

13 ივნისის სტიქიის ზონაში ქონების დაუფლების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

27 დეკემბერი, 2016 • 1491
13 ივნისის სტიქიის ზონაში ქონების დაუფლების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ადვოკატი დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, ეს პირები ფაქტების დამახინჯებითა და მოტყუებით, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ზონაში არსებულ სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს დაეუფლნენ.

გამოძიების ცნობით, საადვოკატო საქმიანობის შედეგად, ადვოკატებისთვის – ნ. გ-თვის და მ. კ-თვის ცნობილი გახდა, რომ ქ. თბილისში, წყნეთის ქ. N1-ში მდებარე 4255 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში დაცულ მასალებში აღრიცხული იყო 1960 წელს გარდაცვლილ მოქალაქე იოსებ წინამძღვრიშვილზე.

პროკურატურის ინფორმაციით, მათთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა იოსებ წინამძღვრიშვილის სამკვიდრო ქონებას და მის სახელზე აღრიცხული ნაკვეთი სხვა პირების ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში იმყოფებოდა ათეული წლის განმავლობაში.

მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ფაქტების დამახინჯებითა და მოტყუებით დაერეგისტრირებინათ იოსებ წინამძღვრიშვილის მემკვიდრეზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, აღნიშნულმა პირებმა დაარწმუნეს ნოტარიუსი, რომ წყნეთის ქ. N1-ში მდებარე 4255კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები იმყოფებოდა იოსებ წინამძღვრიშვილისა და შემდგომში მისი მემკვიდრეების ფაქტობრივ მფლობელობაში, აცხადებს პროკურატურა.

ნოტარიუსისა და საჯარო რეესტრისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის გზით აღნიშნული ქონება იოსებ წინამძღვრიშვილის მემკვიდრის სახელზე აღირიცხა, რომელმაც თითქმის მთელი უძრავი ქონება,  წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ადვოკატ ნ. გ-სთან დაახლოებულ პირზე, ქ. ჯ-ზე ფიქტიურად გაასხვისა, რათა ამ უკანასკნელს, როგორც ე.წ. კეთილსინდისიერ შემძენს, პრეტენზია წაეყენებინა იქ მცხოვრებთათვის და თითქოსდა „კანონიერ საკუთრებაში’’ არსებული უძრავი ქონებიდან მათი გამოსახლება მოეთხოვა. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოსა და კერძო პირებს დიდი ოდენობით, საერთო ჯამში, 657 000 ლარის ზიანი მიადგა, აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, დარეგისტრირებული ქონება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარეობდა, ჯგუფის წევრები ასევე შეეცადნენ, სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის სახელმწიფოსა და საზოგადოების ძალისხმევით შეგროვილ საკომპენსაციო თანხასაც დაუფლებოდნენ და თბილისის მერიას შესაბამისი განცხადებით მიმართეს.

გამოძიების ინფორმაციით, ადვოკატი ნ. გ. ანალოგიური სქემის გამოყენებით შეეცადა დაუფლებოდა ქ. თბილისში წყნეთის ქუჩა N22-ში მცხოვრებ მძელურებისა და ბასოშვილების ოჯახების კუთვნილ, 112 980 ლარის ღირებულების, დიდი ოდენობით უძრავ ქონებას.

ნ. გ-ს, მ. კ-ს, ბ. გ-სა და ქ. ჯ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებითა (თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით) და 19, 180-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (თაღლითობის მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი