ახალი ამბებისამართალი

პოლიცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტებს გზის გადაკეტვასაც ედავება

26 დეკემბერი, 2016 • 22047
პოლიცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტებს გზის გადაკეტვასაც ედავება

დღეს, 26 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროში დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული მანიფესტაციის ერთ–ერთი ორგანიზატორი პაატა საბელაშვილი და ამავე აქციაზე პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები, შოთა ხინჩა და მირიან მალაყმაძე გამოიკითხნენ. პოლიციამ სამივე მათგანის წინააღმდეგ გზის გადაკეტვის ბრალდებითაც დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ხოლო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ შსს სინქრონიზირებულად მუშაობს პროტესტის კრიმინალიზაციაზე.

სამოქალაქო აქტივისტები ახსნა–განმარტებების მისაცემად გუშინ დაიბარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა დღესვე გაირკვა, რომ შოთა ხინჩასა და მირიან მალაყმაძის წინააღმდეგ პოლიციამ კიდევ ერთი მუხლით დაიწყო სამართალწარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლის, რომელიც პოლიციელთა მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს, დაემატა 174–ე მუხლიც – გზის გადაკეტვა.

“ახსნა–განმარტების გასაკეთებლად ვიყავით შსს–ში დაბარებულები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით დაგვაკავეს მაშინ მე და მირიან მალაყმაძე. გზადაგზა გამოჩნდა, რომ ძირითადად აინტერესებთ, ვინ მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვისკენ, რამდენად ვადასტურებთ, რომ ვინმე აკეთებდა ასეთ განცხადებებს და ა.შ. რეალურად, ფორმალურად ახსნა–განმარტებებს ვაბარებდით, მაგრამ არსებითად სხვა მუხზლე უნდოდათ მოწმეები და პოტენციური ინფორმაციის წყაროები,” – ამბობს შოთა ხინჩა.

როგორც შოთა ნეტგაზეთს უყვება, მათ მხოლოდ დღეს გაიგეს, რომ პოლიცია მათ წინააღმდეგ დამატებით სხვა მუხლითაც იწყებდა სამართალწარმოებას. მისი თქმით, ძველი მუხლის შესაბამისი ინფორმაციაც ახალი ბრალდების დასაწყებად აინტერესებდათ:

“ძალიან ცუდი საგამოძიებო პრაქტიკაა იმიტომ, რომ ჯერ წინა მუხლის შესაბამისი ახსნა–განმარტებები უნდა გაგვეკეთებინა. მირიანმა გააკეთა ეს, მე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხე. ამის შემდეგ გაუფრთხილებლად, ათი წუთის განმავლობაში გვითხრეს, რომ სხვა მუხლითაც მიმდინარეობდა გამოძიება. ცუდი პრაქტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ძველი მუხლის შესაბამისი ინფორმაციაც ახალი ბრალდებისთვის გამოიყენეს.”

აქედან გამომდინარე, შოთა ხინჩა ვარაუდობს, რომ პოლიციის ახალი სამიზნე 10 დეკემბრის აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი პაატა საბელაშვილია და მის წინააღმდეგაც სურთ საქმის აღძვრა: “ჩვენ რომ გამოვდიოდით, პაკო უკვე შედიოდა. აშკარად ამ საქმესთან არის ესეც სინქრონიზირებული.”

შოთა ხინჩა და მირიან მალაყმაძე 10 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით დააკავეს, რომელიც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სამივე მათგანს ჩამოერთვათ ახსნა–განმარტების ბარათი და მათ უკვე დატოვეს პოლიციის შენობა, რის შემდეგაც სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება:

“174–ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას. საპატრულო პოლიციამ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული გადაცდომა ჩაიდინეს და შემდეგ უკვე სასამართლო იმსჯელებს, რა ტიპის ჯარიმა შეიძლება შეუფარდოს ამ პირებს. შესაძლოა გაფრთხილებაც მისცენ.”

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” ახალი მოწვევის პარლამენტს და მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, დაიწყონ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მათი აქციის მთავარი მოთხოვნა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია და სადამსჯელო პოლიტიკის ჯანდაცვის მიდგომებით ჩანაცვლება იყო. აქციის თარიღი სიმბოლური იყო, რადგან 10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორის დღეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი