ცინდელიანის და ქარდავას მკვლელობის მცდელობის საქმეზე რომან შამათავას 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და განზრახ მკველელობის მცდელობისთვის საქმეზე ბრალდებული, კუდის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, 2008 წლის 16 აგვისტოს დათო ცინდელიანი კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის, რომან შამათავას დავალებით მესტიიდან წაიყვანეს ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა. შემდეგ შამათავამ ცინდელიანს აუხვია თვალები, ნავით ზღვაში შეიყვანა, მოკლა და გვამი ზღვაში გადააგდო.

შსს-ს ინფორმაციით, ასევე 2008 წლის 27 აგვისტოს, შამათავას დავალებით, პაატა ქარდავას ზუგდიდში, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, შემდეგ წაიყვანეს ბათუმში, სადაც შამათავამ ის მოკლა და გვამი ცინდელიანის მსგავსად ზღვაში გადააგდო. გამოძიებას ქარდავასა და ცინდელიანი ცხედრები არ უპოვია.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, შამათავას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონისა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ანუ უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ არ არსებობს დაზარალებულთა გვამები, შესაბამისად, სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დამდგენი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ასევე სამართალდამცავებმა ვერ ამოიღეს და არ არის შესწავლილი დანაშაულის ჩადენის იარაღი, წარდგენილი ბრალი გადააკვალიფიცირა და პირის მსჯავრდება მოხდა დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ანუ შამათავა დამნაშავედ იქნა ცნობილი სსსკ 19-109 მუხლით.

ამასთან, სასამართლომ კვალიფიკაცია შეუცვალა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის პაატა ქარდავას ეპიზოდში წარდგენილ ბრალდებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თავდაპირველად წარდგენილი ბრალის შემადგენლობა, შესაბამისად, შამათავას მსჯავრი დაედო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებისათვის, ჩადენილი სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით.

ქარდავასა და ცინდელიანის ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მას გაასაჩივრებენ.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარეც. შამათავას ადვოკატის, გია გოროზიას თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი