ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა “კონსერვატორებსა” და “სოციალ-დემოკრატებს” ფრაქციებს უქმნის

26 დეკემბერი, 2016 • 1812
საპარლამენტო უმრავლესობა “კონსერვატორებსა” და “სოციალ-დემოკრატებს” ფრაქციებს უქმნის

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს, 26 დეკემბერს კიდევ ორი ახალი ფრაქციის შექმნაზე იმსჯელებს. ეს საპარლამენტო ფრაქციები იქნებიან „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ და  „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები“.

“ქართული ოცნების” უმრავლესობაში ამჟამად ორი ფრაქცია არის შექმნილი: “ქართული ოცნება” (თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე) და “ქართული ოცნება – მრეწველები” (თავმჯდომარე – სიმონ ნოზაძე).

ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარე გიგა ბუკია იქნება. წევრები იქნებიან: ზვიად ძიძიგური, პაატა კვიჟინაძე, ნინო გოგუაძე, რუსლან გაჯიევი, მუხრან ვახტანგაშვილი.

“ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია. მხარს დავუჭერთ და ვუჭერთ იმ ძირითად მიმართულებას, რასაც ხელისუფლება წარმოადგენს. ამავე დროს, ჩვენ გვექნება ჩვენი კონკრეტული კონსერვატორული ფასეულობები,”-განაცხადა გიგა ბუკიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხევა ფრაქციას “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები”, მას გია ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ფრაქციების შექმნის საკითხი უშუალოდ საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტია.

“ჯერჯერობით, უმრავლესობას ჰყავდა სულ ორი ფრაქცია, შესაბამისად, საკმაოდ მრავალრიცხოვანი უმრავლესობის პირობებში, სავარაუდოდ, ასეთი ფრაქციების შექმნა საჭიროა. რამდენად “კონსერვატორების” და “სოციალ-დემოკრატების” გაერთიანება –  ეს თვითონ პარლამენტის უმრალესობის გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით პრობლემას არაფერი ქმნის,”- განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ქართულმა ოცნებამ შექმნა ფრაქცია “მრეწველებისთვის”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი