ახალი ამბებისაზოგადოება

მუსლიმი მოსწავლეების პროტესტი მოხის სკოლაში – დირექტორისა და სამინისტროს პასუხი

26 დეკემბერი, 2016 • 4757
მუსლიმი მოსწავლეების პროტესტი მოხის სკოლაში – დირექტორისა და სამინისტროს პასუხი

ადიგენის სოფელ მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 26 დეკემბერს აქცია გამართეს – ისინი აპროტესტებენ სკოლის დირექტორის მინიშნებას, მუსლიმ მოსწავლეს თავსაბურავი მოეხადა და მოითხოვენ, საკითხი განათლების სამინისტრომ შეისწავლოს.

როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება “სამხრეთის კარიბჭე” იუწყება, პროტესტის ნიშნად გაკვეთილებს არ დაესწრო 70-მდე მოსწავლე, მათივე ცნობით, მხოლოდ მუსლიმები.

მოსწავლეები ფიქრობენ, რომ დირექტორის მხრიდან რელიგიურ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი, – მათი თქმით, სკოლის დირექტორმა, ნათია რეხვიაშვილმა ერთ-ერთი მოსწავლეს, თეონა ბერიძეს თავსაფრის ტარება დაუშალა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოხის სკოლის დირექტორმა თეონა ბერიძეს უთხრა, რომ სკოლაში იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუკი თავსაფარს მოიხდიდა. თუმცა სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლისათვის არაფერი აუკრძალავს და არც ჩადრის გარეშე სიარული მოუთხოვია.

მოსწავლეების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მოხეში. 26.12.2016. ფოტო: ჯამბულ აბულაძის ფეისბუკის გვერდიდან

მოსწავლეების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მოხეში. 26.12.2016. ფოტო: ჯამბულ აბულაძის ფეისბუკის გვერდიდან

როგორც სკოლის დირექტორი, ნათია რეხვიაშვილი გვიამბობს, თეონა ბერიძე 11 წლის განმავლობაში სწავლობდა მოხის სკოლაში, შემდეგ ბათუმში გადავიდა, ახლა კი მოსწავლე კვლავ მოხეში დაბრუნდა სასწავლებლად. განცხადების შემოტანისას კი, როგორც დირექტორი ამბობს, “შესაფერისად ჩაცმა ურჩია”:

“მხოლოდ ის ვუთხარი, შენ თუ გაითვალისწინებ სკოლის შინაგანაწესს, კარგი იქნება-მეთქი. ამის მერე როგორც გინდა შენ, ისე მოიქეცი-მეთქი”, – როგორც დირექტორი გვეუბნება, ასე ესაუბრა მოსწავლეს. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, განუმარტა თუ არა, რას გულისხმობდა “შესაფერისად ჩაცმაში” ან განუმარტა თუ არა მოსწავლეს, რას ნიშნავდა სკოლის შინაგანაწესის გათვალისწინება, დირექტორმა გვიპასუხა:

უბრალოდ, ვუთხარი, რომ სახელმწიფო დაწესებულებაა, საჯარო სკოლაა და არ შეიძლება სხვანაირად მოვიდეთ-მეთქი. თუ ამ საკითხზე იფიქრებ, კარგი იქნება-მეთქი. ვიფიქრებო”, – ამბობს სკოლის დირექტორი. მისი თქმით, მას მოსწავლესთან სიტყვები – “ჩადრი”, “თავსაბურავი” არ უხსენებია. 

სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მოხის სკოლაში შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტს სწავლობს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI). TDI-ის ინფორმაციით, მოხის საჯარო სკოლაში 180-მდე მოსწავლე სწავლობს, რომელთა დაახლოებით 90%, მათ შორის თეონა ბერიძეც, მუსლიმია. სკოლაში სწავლობენ როგორც სოფელ მოხის, ასევე მიმდებარე სოფლების მოსწავლეებიც. დირექტორის მოვალეობას ნათია რეხვიაშვილი კი მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასრულებს.

ნეტგაზეთის კითხვაზე, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც მოხეში არსებობს, ხომ არ თვლის, რომ მისი მოწოდება/რჩევა რელიგიურ დისკრიმინაციად და ინდოქტრინაციად შეიძლება შეფასდეს, დირექტორი გვპასუხობს: “არა, რატომ? არ ყოფილა მსგავსი რამ ნამდვილად”.

როგორც დირექტორი გვიამბობს, პარასკევს (მას შემდეგ, რაც კლასელები სოლიდარობის ნიშნად ჩადრებით მოვიდნენ სკოლაში) მოსწავლეს ესაუბრა და “ვინ მართავს ამას და ვის ინტერესებშიც შედის, აუცილებლად გახდება ცნობილი”. მან “ნეტგაზეთის” კითხვაზე არ დააკონკრეტა, რას/ვის გულისხმობდა ამ სიტყვებში, თუმცა სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ნათია რეხვიაშვილი ამბობს: “ყველაფერი არის მოწყობილი და მართული გარეშე ძალების მიერ. სოფლის სადავო კლუბთან დაკავშირებული გარკვეული ძალები მართავენ ამ სიტუაციას”. 

“როგორც გამოკითხული პირები უთითებენ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მოხეში 2014 წლიდან სადავო ნაგებობის გარშემო განვითარებული მოვლენების დროს გამოირჩეოდა  მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართული განცხადებებით. TDI-ის მიერ გამოკითხული მუსლიმები ასევე აღნიშნავენ, რომ ნათია რეხვიაშვილი თავისი საქმიანობითა და პოზიციის გამოხატვის ფორმით სკოლაში დისკრიმინაციული გარემოს შექმნას უწყობს ხელს”, – წერს TDI.

26 დეკემბრის აქციაზე მოსწალვეები მოითხოვდნენ, საკითხი განათლების სამინისტრომ შეისწავლოს, – მიიღონ ზომები, ან დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდეს. სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მონიტორინგის სამსახური სისტემატურად იღებს ინფორმაციას მოხის სკოლიდან მას შემდეგ, რაც აღნიშნული საკითხი წამოიჭრა, თუმცა შიდა აუდიტის სამსახური საკითხს ჯერ არ სწავლობს – მათი განმარტებით, საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის მომართვის შემთხვევაში შეისწავლის.

“უნდა მომართონ აუდიტის სამსახურს… სკოლა არის დამოუკიდებელი საჯარო იურიდიული პირი, შესაბამისად, ჩვენი ნებით ვერ შევალთ სკოლაში. ან უნდა იყოს გეგმური შემოწმება, ან უნდა მოგვმართოს ვინმემ განცხადებით, რომ ირღვევა ბავშვის უფლებები, ან სკოლაში რამეს გადაცდომას აქვს ადგილი”, – გვითხრეს სამინისტროში. აუდიტის სამსახურისათვის მიმართვას არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი