ახალი ამბები

აუდიტორია N115: მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდა, თუმცა ცვლილებები საკმარისი არ არის

26 დეკემბერი, 2016 • 4674
აუდიტორია N115: მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდა, თუმცა ცვლილებები საკმარისი არ არის

2017 წლიდან თსუ–ის სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება, რითაც სტუდენტების მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდება. თუმცა აუდიტორია N115 აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებები საკმარისი არ არის, ვინაიდან პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილი და მხოლოდ ლოკალურ დონეზე გვარდება.

უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის ინიციატივით, გამჭვირვალობისა და პარიტეტის დასაცავად შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელშიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ. საბჭოს რექტორის მოადგილე, მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. შარვაშიძის თქმით, საბჭო შეიმუშავებს იმ კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც გაიცემა დაფინანსება სტუდენტური პროექტების განსახორციელებლად, ახალი წესი თანაბარ პირობებს შექმნის ყველა სტუდენტისთვის.

“ამით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება პრობლემა, რომ შიდასაუნივერსიტეტო ფინანსები არაობიექტურად ნაწილდებოდა და დაინერგება საუნივერსიტეტო სახსრების ღიად, გამჭვირვალედ, ობიექტურად გადანაწილების მექანიზმი. სტუდენტური პროექტების დაფინანსება მოხდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე,” – ამბობს გიორგი შარვაშიძე.

თსუ–ის ინფორმაციით, 2017 წელს განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. უნივერსიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები: შემცირებულია ხარჯები – მივლინების (-26,9%), ოფისის (-11,15%), წარმომადგენლობითი (-30,05%), ასევე, შრომის ანაზღაურების მიმართულებით. თუმცა, თსუ–ის ცნობით, ბიუჯეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუდენტების სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში მონაწილეობისთვის დაფინანსება. რექტორის განცხადებით, ბიუჯეტში ეს მუხლი გამოიყო ცალკე და 2017 წელს სტუდენტურ კვლევებზე 600 ათასი ლარია გათვალისწინებული:

“ამასთან, ბიუჯეტიდან გამოიყო დაფინანსება უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში პირობების გასაუმჯობესებლად. მიმდინარე წელს დაფინანსდა სველი წერტილების და სამრეცხაოს რემონტი, შეძენილია სარეცხი მანქანები. ამ ეტაპზე კი საერთო საცხოვრებელში იწყება სარემონტო სამუშაოები რესურსცენტრის მოსაწყობად, სადაც განთავსდება ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ტექნიკა. შესაბამისად, იქ მცხოვრებ ყველა სტუდენტს ექნება თავისუფალი წვდომა ინტერნეტ-რესურსებთან.”

გიორგი შარაშიძის განცხადებით, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სტუდენტთა პირობები. რექტორის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ადგილების რაოდენობა გაორმაგდება, გაიხსნება  კვების ახალი ობიექტი, ახალი სტუდენტური ბარათი კი სტუდენტებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია N115–ის განცხადებით, თსუ–ის რექტორმა მათი მოთხოვნა გაითვალისწინა და 2017 წლიდან უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება. თუმცა, როგორც სტუდენტურ გაერთიანებაში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებები საკმარისი არ არის, ვინაიდან ის პრობლემის მხოლოდ ერთ ნაწილს აგვარებს, მხოლოდ ლოკალურ დონეზე:

“აუცილებელია, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა, რათა უნივერსიტეტის მართვის პროცესში ჩართვა ერთი ჯგუფის ნაცვლად შეეძლოს ყველა სტუდენტს. გარდა ამისა, აუცილებელია, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეროვნული კანონმდებლობის ნაცვლად, თავად უნივერსიტეტებს მიეცეთ უფლება, განსაზღვრონ სტუდენტური ცხოვრების წესი თანასწორობის პრინციპის დაცვით.”

24 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, აუდიტორია N115-მა თსუ–ის მე-6 კორპუსი დაიკავა და მეორე დღეს ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს შვიდი საარჩევნო უბანი თითქმის მთელი დღის განმავლობაში პიკეტირებული იყო, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები საღამოს მაინც ლეგიტიმურად გამოცხადდა.

სტუდენტური გაერთიანების წევრებისა და მათი მხარდამჭერებისთვის პიკეტირებულ მეექვსე კორპუსში თითქმის ყოველდღე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები კითხულობენ საჯარო ლექციებს, რომლებსაც აუდიტორია N115 ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წინასწარ აანონსებს.

სტუდენტური გაერთიანება მოითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს სტუდენტების მიერ შეთავაზებული ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი მოდელი გაუქმდება, ხოლო მას ჩაანაცვლებს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სტუდენტური გაერთიანებები.

აუდიტორია 115 ასევე მოითხოვს, რომ თსუ-ის საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები ჩატარდეს კანონში ცვლილების მიღების შემდეგ, პირდაპირი წესით; ასევე, დაუყოვნებლივ დაიწყოს გარე რეფერირების პრინციპის დანერგვის პროცესი. გარდა ამისა, სტუდენტები საერთო საცხოვრებელის სრულად რეაბილიტირებასა და მეცნიერების დაფინანსების გაზრდას მოითხოვდნენ, რომლის დაკმაყოფილებასაც რექტორი 24 დეკემბერს დათანხმდა.

2016 წლის აპრილში სტუდენტური გაერთიანების წევრებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა, სადაც მან განაცხადა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა აღარ უნდა არსებობდეს ასეთი “მახინჯი სახით”. პრემიერმა მათთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი ნამდვილად გულით ნაკარნახევია. კვირიკაშვილმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პირადად ჩაერთვებოდა განათლების შესახებ კანონის შემუშავებაში, თუმცა ეს ყველაფერი დღემდე არ მომხდარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი