ახალი ამბები

ბესელია: პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის შესახებ ცვლილებები უნდა მიიღოს

26 დეკემბერი, 2016 • 2303
ბესელია: პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის შესახებ ცვლილებები უნდა მიიღოს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კანონში “მაუწყებლობის შესახებ” პარლამენტმა უნდა შეიტანოს ცვლილებები, რითაც თავიდან იქნება აცილებული არსებული საკანონმდებლო ხარვეზები, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და დირექტორის საქმიანობაში არსებობს.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ამჟამად მიმდინარეობს კონკურსი ახალი დირექტორის ასარჩევად. განაცხადების შეტანა მსურველებს 31 დეკემბრამდე შეუძლიათ. სამეურვეო საბჭოს უკვე მიმართა შვიდმა კანდიდატმა: ბაჩუკი ბახტაძემ, რევაზ შალიბაშვილმა, ზაალ ანჯაფარიძემ, გიორგი ქავთარაძემ, ვასილ მაღლაფერიძემ, ნინო ზაუტაშვილმა და გურამ ფალავანდიშვილმა.

სამეურვეო საბჭოში ცხრის ნაცვლად რვა წევრია. ერთი წევრი პარლამენტმა ამ დრომდე ვერ აირჩია. ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტმა უნდა აირჩიოს როგორც მაუწყებლის ბორდის ახალი წევრი, ასევე უნდა გადახედოს ბორდის წევრების არჩევის წესს:

“მოქმედმა კანონმა პრაქტიკაში ძალიან ბევრი ხარვეზი წარმოქმნა, ბევრ წინააღმდეგობას აწყდება კანონის ნორმა და არის გარკვეული კოლიზია უფლებამოვალეობებსა და უფლებამოსილებებს შორის, სადაც იკვეთება სამეურვეო საბჭოს, დირექტორის უფლებამოსილებები და ამ მხრივ გარკვეული საკანონმდებლო პრობლემებიც არის, გარდა იმისა, რომ სამეურვეო საბჭო არის სრულად დასაკომპლექტებელი და ახლა უკვე დირექტორია ასარჩევი. აქ არის კომპლექსური საკითხი, რომელსაც ალბათ პარლამენტი უნდა მიუბრუნდეს და უნდა მიუბრუნდეს არა მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის ნაწილში, არამედ, ზოგადად, არჩევის წესი, დაკომპლექტების ფორმულა, კანონის სხვადასხვა მუხლები, რომლებიც აშკარად ქმნის გარკეულ პრობლემებს. ამიტომ ჩვენ, ალბათ, მომავალი წლიდან უნდა დავიწყოთ ამ საკითხზე სისტემური და ერთობლივი მუშაობა,”- განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი