ახალი ამბებიკინოხელოვნება

2016 წლის გამორჩეული 10 ფილმი და 5 სერიალი

30 დეკემბერი, 2016 • 10578
2016 წლის გამორჩეული 10 ფილმი და 5 სერიალი

ნეტგაზეთი ფილმების საერთაშორისო ბაზის (IMDb) და ვებ-გვერდ IndieWire-ის კრიტიკოსთა შეფასებებსა და მათ მიერ შექმნილ სიებზე დაყრდნობით გთავაზობთ 2016 წლის გამორჩეულ ფილმებსა და სერიალებს, რომლებიც უნდა ნახოთ.

10 ფილმი:

1. მთვარის შუქი (Moonlight)

ბარი ჯენკინსის ფილმი რამდენიმე დონეზე მარგინალიზებული ჯგუფის შესახებ გვიყვება – გეი შავკანიანი მამაკაცი, რომელიც ცდილობს მიიღოს საკუთარი თავი და დაიმკვირდროს ადგილი. დრამას წელს საუკეთესო მხატვრული ფილმისათვის ოსკარის ნომინაციასაც კი უწინასწარმეტყველებენ.

2. მანჩესტერი ზღვის პირად (Manchester by the Sea)

ფილმში ახალგაზრდა კაცი იძულებული ხდება ძმის სიკვდილის შემდეგ მისი შვილის მეურვე გახდეს, თუმცა ოჯახში დატრიალებული ტრაგედია ფილმის გმირებისათვის ბევრ სხვა ძველ პრობლემასაც განაახლებს. ფილმმა არაერთი კრიტიკოსის მოწონება დაიმსახურა. “ამაზონის” კინოპროდუქცია სავარაუდოა, რომ ოსკარზეც მოხვდება. მას უკვე უწოდეს ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი თანამედროვე ფილმი.

3. ლა ლა ლენდი (La La land)

“ოქროს გლობუსის” დაჯილდოების 7 ნომინაცია და ფილმის გაქირავებიდან უკვე მიღებული 17 მილიონი, კრიტიკოსთან მხრიდან მიღებულ დადებით შეფასებებთან ერთად, დემიენ ჩეზელის ფილმზე ბევრს მეტყველებს. მიუზიკლის სცენარი ლოს ანჯელესში ვითარდება, სადაც ჯაზის პიანისტს (რაიან გოსლინგი) მოცეკვავე (ემა სტოუნი) უყვარდება.

4. სიყვარული (Loving)

ფილმი ეხება რიჩარდისა და მილდრედის სიყვარულის ამბავს – თეთრკანიანი კაცი და შავკანიანი ქალი ქორწინების შემდეგ დააკავეს, რასაც სასამართლო პროცესების სერია მოჰყვება.

5. ღობეები (Fences)

ბროდვეის ამავე სახელწოდების შოუს კინოადაპტაციაში დენზელ ვაშინგტონი ცდილობს თავისი შვილი აიძულოს, დაინტერედეს ამერიკული ფეხბურთით, რადგან ერთ დროს ეს თავად ვერ შეძლო. კრიტიკოსები წერენ, რომ სპექტაკლის ადაპტაციამ გაამართლა.

6. ჰაკსოს გმირი (Hacksaw Ridge)

ფილმის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მელ გიბსონი დაბრუნდა და იცის, როგორ უნდა გადაიღოს ფილმები ომის შესახებ. “ჰაკსოს გმირი” გვიამბობს რეალურ ისტორიას ჯარისკაცზე, რომელმაც ოკინავას ფრონტზე 75 ადამიანი ისე გადაარჩინა, რომ თავად არ უსვრია. სამხედრო ექიმი დესმონდ დოსი პირველი ადამიანი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელმაც ომის შემდეგ ღირსების ორდენი ისე დაიმსახურა, რომ არავინ მოუკლავს.

7. წყვდიადის ცხოველები (Nocturnal Animals)

დიზაინერ ტომ ფორდის კიდევ ერთი რეჟისორული ნამუშევარი, რომელმაც კრიტიკოსთა მხრიდან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა სწორედ “წყვდიადის ცხოველებია”. სამსახიობო ჯგუფის მაღალი დონის შესრულებამ და ფორდის გამორჩეულმა ხედვამ არაერთი ფესტივალის ჟიურის გული დაიპყრო.

8. ჯეკი (Jackie)

პაბლო ლარენის მიერ შექმნილი ჟაკლინ კენედის პორტრეტი აღწერს აშშ-ის პირველი ლედის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ქმრის მკვლელობის შემდეგ, ასევე არის ისტორიული ფაქტების გამოძიების მცდელობა. ნატალი პორტმანი მთავარ როლში კი ოსკარის ნომინანტად მოიაზრება.

9. ჩამოსვლა (Arrival)

დედამიწაზე, 12 სხვადასხვა ადგილას უზარმაზარი კოსმოსური ხომალდი ჩნდება. ლინგვისტი პროფესორების ჯგუფი გადაწყვეტს, რომ მათთან კონტაქტი დაამყაროს. ფილმმა შემქნელებს არა მხოლოდ მაღალი შემოსავალი მოუტანა, არამედ მათ კრიტიკოსთა დადებითი შეფასებაც დაიმსახურეს. კინოში განსაკუთებულ ადგილს იკავებს ასევე მისთვის შექმნილი მუსიკაც, რომლის ავტორი მაქს რიხტერია.

10. პეტერსონი (Peterson)

ჯიმ ჯარმუშის ახალი ნამუშევარი ავტობუსის პოეტ მძღოლზე გვიამბობს და, როგორც კრიტიკოსები წერენ, ის რეჟისორის მიერ ამ დრომდე შექმნილ გმირებს შორის ყველაზე დახვეწილი და ღრმა პერსონაჟია. ფილმში მთავარ როლს “ვარკვლავური ომების” ადამ დრაივერი ასრულებს.

ასევე აღსანიშნავია რამდენიმე ფილმი, რომლებმაც შესაძლოა ყოველთვის კრიტიკოსთა დადებითი შეფასება და საფესტივალო ნომინაციები არ დაიმსახურეს, მაგრამ 2016 წელს კინოსტუდიებს მაღალი შემოსვალები მოუტანეს და მაყურებლებშიც პოპულარობით სარგებლობდნენ. მაგალითად: დედპული, კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი, ზუტოპია, ვიპოვოთ დორი, ჯუნგლების წიგნი, სალი, თვითმკვლელთა რაზმი, კარგი ბიჭები, ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი, სოსისების წვეულება და სხვა.

5 სერიალი:

2016 წელი წარმატებული აღმოჩნდა სერიალების შემქმნელებისთვისაც, განსაკუთრებით HBO-სა და Netflix-სთვის. აქვე გთავაზობთ 5 სერიალს, რომლებიც ამ წლის განმავლობაში პოპულარობით სარგებლობდნენ:

1. უცნაური მოვლენები (Stranger things)

1983 წლის ინდიანას შტატის პატარა ქალაქში განვითარებული ზებუნებრივი მოვლენების ეპიცენტრში 12 წლის მოზარდები ექცევიან. სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულების მოწონება შოუს სულ შვიდმა სერიამ მალევე დაიმსახურა. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ წარმატებული დებიუტის შემდეგ 2017 წელს ფანები მეორე სეზონსაც იხილავენ.

2. ნარკობარონი (Narcos)

სერიალი კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის ცხოვრებასა და ნარკობიზნესს ეხება. მაყურბელს საშუალება აქვს, მოვლენებს თავად ესკობარის პოზიციიდან შეხედოს.

3. ველური დასავლეთის სამყარო (Westworld)

HBO-ს ახალი სერიალი უკვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი შოუ, რომელიც არხმა შექმნა. ველური დასავლეთის პროექტი ერთგვარი “გასართობი პარკია”, რომელსაც საკუთარი ქვეცნობიერი შეიძლება ესტუმროს. სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ოსკაროსანი ენტონი ჰოპკინსი ასრულებს.

4. შავი სარკე (Black Mirror)

სატელევიზიო ანთოლოგია თანამედროვე ტექნოლოგიების ბნელ მხარეზე – ასე აღწერს სერიალს IMDb-ის ფილმების ბაზა, რომლის მომხმარბელებიც სერიალს 10-დან 8.9 სარეიტინგო ქულას ანიჭებენ.

5. წინა ღამეს (The Night Of)

ახალგაზრდა კაცი წვეულების შემდეგ იღვიძებს და ხედავს, რომ ქალი, რომელთანაც წინა ღამე გაატარა, მოკლულია. კაცს უხდება დაამტკიცოს, რომ დამნაშავე არ არის. კრიტიკოსები წერენ, რომ სერიალი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით მისი სცენარიდან ჩანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი