ახალი ამბები

ბაქრაძე VS სააკაშვილი – რას აბრალებენ ერთმანეთს ენმ-ის ლიდერები

25 დეკემბერი, 2016 • 5031
ბაქრაძე VS სააკაშვილი – რას აბრალებენ ერთმანეთს ენმ-ის ლიდერები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები თანაგუნდელების მოღალატეობაზე მორალურ ზღვარს სცდება. ამის შესახებ მან კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თანაგუნდელებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ენმ-ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სიის პირველი ნომერი ამბობს, რომ სააკაშვილის საჯაროდ გაკეთებული შეფასებები პარტიაში აჩენს ძალიან ცუდ მოლოდინებს, რამაც პარტიას შესაძლოა ცუდი შედეგები მოუტანოს.

“არ შემიძლია, არ აღვნიშნო მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ზუგდიდში, სადაც მან პარტიის ლიდერების ნაწილს უწოდა მოღალატეები. ეს უკვე მორალური ზღვარიც აღარ არის პარტნიორებთან დამოკიდებულების, როდესაც პარტიის ლიდერი თანაგუნდელებს უწოდებს მოღალატეებს. რა თქმა უნდა, აქ ჩნდება უკვე უფსკრული, რომლის შევსებაც არის ძალიან რთული,” – განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ბრალდებები უარყო. როგორც სააკაშვილი წერს, არ ცერთ საჯარო თუ შიდა პარტიულ გამოსვლაში სიტყვა “მოღალატე” არ გამოუყენებია:

“არც ერთ საჯარო თუ შიდა პარტიულ გამოსვლაში მე სიტყვა “მოღალატე” არ გამომიყენებია. სამწუხაროა, რომ სერიოზულ ადამიანს უხდება (იმედს ვიტოვებ გაუცნობიერებლად) უხეში ტყუილის თქმა, თანაც ისეთის, რომელიც ძალიან ადვილი გადასამოწმებელია.”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 2017 წლის 20 იანვარს ჩატარდება. სააკაშვილის განცხადებით, ურთიერთპატივისცემის პირობებში პარტიის მართვა უნდა დაუბრუნდეს მის აქტივს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი წერს, ყრილობის გადადების ყველანაირი მცდელობა იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ჩქარობდა ყრილობის მოწვევას უკვე 27 დეკემბერს, საფუძველს მოკლებულია.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ოთო კახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილს არ უხსენებია თავის გამოსვლებში სიტყვა “ღალატი”, თუმცა მან ყოფილ თანამებრძოლებს ბრალი დასდო ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში.

ნაციონალურ მოძრაობაში შიდაპარტიული დაპირისპირება საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდანვე მიმდინარეობს, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ყველაფერი დიდი ხნის დაწყებულია. საჯარო სივრცეში მიმდინარე დაპირისპირებიდან ჩანს, რომ ერთ პოზიციაზე არიან გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ნიკა მელია, ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის დეპუტაციისა თუ მოქმედი პოლიტსაბჭოს სხვა წევრები.

დაპირისპირების მეორე მხარეს დგას მიხეილ სააკაშვილი პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად: ლევან ვარშალომიძე, ზაზა ბიბილაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი და სხვა ლიდერები. ჯერჯერობით არ გამოკვეთილა პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მკაფიო პოზიცია. საკითხები, რომლებზეც ენმ-ში ვერ თანხმდებიან, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი