ახალი ამბებისამართალი

თედო კობახიძე თბილისის საკრებულოში თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

23 დეკემბერი, 2016 • 39659
თედო კობახიძე თბილისის საკრებულოში თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

დღეს, 23 დეკემბერს, თბილისის საკრებულოს სხდომა იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის განცხადებით დაიწყო. ის დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში უარყოფდა ბრალდებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში მის მიმართ 5 თანამშრომლის მხრიდან გამოითქვა. კობახიძემ ბრალდებებს მისი მხრიდან შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით სრული სიცრუე უწოდა.

“კომისია დაკომპლექტებულია უკვე ახალი თანამშრომლებით, იურისტებით, თუმცა მე კომისიაში მყავს მარკეტოლოგი, ექიმი და ა.შ. გეკითხებით თქვენ, როგორ უნდა შეძლოს მარკეტოლოგმა, გნებავთ ექიმმა, გნებავთ მჩხიბავმა თუ ა.შ. ნორმატიულ მასალაზე მუშაობა. ისინი ვერ ასრულებდნენ ჯეროვნად მათზე დაკისრებულ მოვალეობას და, ამავდროულად, არ არიან კვალიფიციური იურისტები. წარმოგიდგენთ პრემიერების გაცემის საკითხს: ამ ხუთეულზე გაცემულია 32 330 ლარი. ასე რომ, არავითარი შეზღუდვა მათზე არ ყოფილა და ეს არის სრული სიცრუე,” – განაცხადა თედო კობახიძემ.

იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარემ მისი თანამშრომლები საკრებულოს დისკრედიტაციაში დაადანაშაულა და მათ ბრალდებებს “ნაძირლობა” უწოდა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარემ კობახიძეს კორექტულობისკენ მოუწოდა.

როგორც კობახიძე ამბობს, მისმა თანამშრომლებმა დეპუტაცია შეიყვანეს შეცდომაში და აკეთებინეს სრულად უსაფუძვლო, ცრუ განცხადებები. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები არ გაერკვნენ კარგად სიტუაციაში: “არავის გიცდიათ, მოსულიყავით მეგობრულად და თბილისურად გაგერკვიათ, რა ხდებოდა.”

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალექსანდრე ელისაშვილი აცხადებს, რომ თედო კობახიძემ დღეს დაადასტურა ის, რაც აქამდე ხდებოდა და ყველამ ისედაც იცოდა.

“თავის თანამშრომლებს ეძახა ნაძირლები, ჭორიკნები და არაკვალიფიციურები. ეს ადამიანები კომისიაში თედო კობახიძის მოსვლამდე მუშაობდნენ და ყველა ატესტაცია თუ კონკურსი აქვთ გავლილი. რასაც ეს ადამიანები ჩივიან, ეს დაადასტურა თვითონ თედო კობახიძემ. გამოვიდა და ნაძირლები ეძახა თავის თანამშრომლებს. ამ ყველაფერმა ახლა იჩინა თავი, თორემ ყველამ ვიცით, რაც ხდებიდა. ძაღლებივით ექცეოდა თავის თანამშრომლებს. იმ ადამიანებთან ბოდიშს ვიხდი, თედო კობახიძის დამოკიდებულებას ვხსნი ამით და სხვა არაფერს. აბა, თითი დააკაროს რომელიმე თანამშრომელს!” – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

მისი თქმით, კობახიძემ უნდა დატოვოს თანამდებობა. როგორც ელისაშვილი ამბობს, აუცილებელია, რომ დაიწყოს მოკვლევა როგორც თანამშრომლების ბრალდებებზე, ასევე, კობახიძის დღევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე:

“სამარცხვინოა, რომ ასე არის ჩაფრენილი იმ თავის მორყეულ სკამს. უნდა წავიდეს და მოკვლევა მოხდეს როგორც ერთ ფაქტზე, რაც აქამდე იყო, ასევე მეორე – დღევანდელი ზეწოლოს ფაქტზე. იმის მაგივრად, რომ საკრებულოში ქალაქის პრობლემებზე ვლაპარაკობდეთ, თუ როგორ ახდენს ზეწოლას ერთ-ერთი თანამდებობის პირი თავის თანამშრომლებზე და ეს ზეწოლა რომ სამი წელია გრძელდება.”

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ ენმ-ს, რესპუბლიკელებს და ელისაშვილს თედო კობახიძის მხრიდან გამგეობის თანამშრომლებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ ორშაბათს უნდა მოესმინათ და გაეკეთებინათ ერთობლივი განცხადება, რადგან ქართული ოცნება თავად ამ საკითხზე არ რეაგირებს. თუმცა, როგორც უგრეხელიძე ამბობს, კობახიძემ დღეს გადაწყვიტა, “ოცნების” უმრავლესობით ესარგებლა და საკრებულოს ტრიბუნაზე რეგლამენტის დარღვევით წარდგა და ლანძღა თავისი თანამშრომლები.

“უწოდა მათ ნაძირლები, ჭორიკნები… რომელიღაც მის თანამშრომელს დააბრალა, რომ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, რაც ასე არ არის. პრობლემაა ისიც, რომ ეს მას სალანძღავად მიაჩნია. აბსოლუტურად არადამაჯერებელი იყო. მისი აგრესიული გამოსვლით კოლეგების წინაში ცხადი გახდა, თუ რას უკეთებს საკუთარ თანამშრომლებს. ამიტომ ეს მოსმენა მაინც ჩატარდება,” – ამბობს უგრეხელიძე.

სევდია უგრეხელიძისთვის მიუღებელია პრემიებისა და დანამატების საკითხიც, რომლითაც თედო კობახიძე სიტყვით გამოსვლილსას მისი თანამშრომლების ბრალდებას პასუხობდა. ენმ–ის დეპუტატის თქმით, ესეც ცალკე დანაშაულია და გამოდის, რომ კობახიძეს საერთოდ არ აქვს იურიდიული აზროვნების უნარი:

“ეს არის ცალკე კვლევის საგანი. ამიტომაც ჩვენ მოსმენაზე შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ, თუ რა რეაგირება იქნება საჭირო. ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ უნდა მივმართოთ საკრებულოსა და მის ხელმძღვანელობას… არის იმის საფუძველიც, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უნდა მივმართოთ პროკურატურასაც, რაზედაც მან ისაუბრა და რაზეც არ ისაუბრა, მაგრამ ამის დოკუმენტაცია ჩვენ გაგვაჩნია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი