ახალი ამბები

თარგამაძე: სააკაშვილს დიდგორი საკუთარ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება

23 დეკემბერი, 2016 • 2457
თარგამაძე: სააკაშვილს დიდგორი საკუთარ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, შიდაპარტიულ დაპირისპირებაში მესამე პრეზიდენტთან აფილირებულმა ნაწილმა პარტიის პოლიტსაბჭო გააუქმა, ხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის, რომელიც 7 000 დელეგატით უნდა ჩატარდეს, საორგანიზაციო საკითხებს საორგანიზაციო კომისია მოაგვარებს:

“მითითება იმაზე, რომ ამ კომისიის წარდგენილი წევრებიც, წინა გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს, არ აინტერესებთ. თურმე წინა პოლიტსაბჭოს ნათქვამი, რომ მსგავსი კომისია უნდა შეიქმნას, იმთავითვე მის დამტკიცებას  ნიშნავდა. ანუ წევრთა წარდგენა იმთავითვე დამტკიცებასაც ნიშნავს. ხოდა მივიღეთ ერთგვარი ГКЧП. პარტიაში გადატრიალების მცდელობა. არ ვიცი, ექვსნი საბჭოთა ანალოგის გამო არიან თუ ლიდერს “ტროიკაც” ეხამუშა და “შესწიორკა” უფრო ეამა. მაგრამ ფაქტია, რომ გამოცხადებული გახსნილობის, მაქსიმალური ჩართულობის, კულუარული, კაბინეტური მმართველობის მსხვრევის ფონზე უპირობო ავტორიტეტს უკვე გადაწყვეტილი 7-ათასიანი ყრილობის წესების დასაზუსტებელი პოლიტსაბჭოს ჩატარებისაც კი შეეშინდა”,- წერს თარგამაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

გივი თარგამაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მან პარტიის ხელმძღვანელობის ნაწილი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია, ასევე,  სრულიად დაუფარავად დასდო ბრალი ივანიშვილთან გარიგებაში:

“განსხვავებული აზრის გამო თანაპარტიელი ქალბატონი პირდაპირ გადათელა. ჰქონდა დიდგორის იდეა, ჩაუვარდა  და შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ, თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება”.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ, პარტია 7000-დელეგატიან ყრილობას ჩაატარებს და ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევს. პოლიტსაბჭოს ერთმა წევრმა თავი შეიკავა.

საჯარო სივრცეში მიმდინარე დაპირისპირებიდან ჩანს, რომ ერთ პოზიციაზე არიან გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ნიკა მელია, ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის დეპუტაციისა თუ მოქმედი პოლიტსაბჭოს სხვა წევრები. დაპირისპირების მეორე მხარეს დგას მიხეილ სააკაშვილი პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად: ლევან ვარშალომიძე, ზაზა ბიბილაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი და სხვა ლიდერები. ენმ-ში ვერ თანხმდებიან შემდეგ საკითხებზე – უნდა შესულიყო თუ არა ენმ-ის არჩეული დეპუტაცია პარლამენტში 2016 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და უნდა მიეღოთ თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატებს მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურებში, ასევე ისმის ბრალდებები მართვის არადემოკრატიულ წესზე, ამომრჩეველთან გამიჯვნაზე, პარტიის თავმჯდომარის საკითხზე. ვრცლად პარტიის შიდადაპირისპირების შესახებ წაიკითხეთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი