ახალი ამბები

მიტროპოლიტ პეტრეს თქმით, პატრიარქის დაცვის სამსახური შორენა თეთრუაშვილის “აუღებელი ციხესიმაგრეა”

22 დეკემბერი, 2016 • 4060
მიტროპოლიტ პეტრეს თქმით, პატრიარქის დაცვის სამსახური შორენა თეთრუაშვილის “აუღებელი ციხესიმაგრეა”

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მას სინოდის 22 დეკემბრის სხდომაზე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოხსნის საკითხი არ დაუყენებია, თუმცა ილია II-ს კიდევ ერთხელ შეახსენა თეთრუაშვილის “განუსაზღვრელი ძალაუფლების” შესახებ. მიტროპოლიტის თქმითვე, ის ემხრობოდა, პატრიარქის დაცვის უფროსის, იოსებ ოხანაშვილის საკითხი განეხილათ, თუმცა არც ეს საკითხი განუხილავს სინოდს, ხოლო სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება პირველხარისხოვანი პრობლემის, “განუსაზღვრელი ძალაუფლების” გადაფარვის მცდელობაა.

“ის [შორენა თეთრუაშვილი] პირადად პატრიარქის მდივანია. მე კიდევ ერთხელ ვთქვი და შევახსენე მის უწმინდესობას [ილია II-ს] მამა-შვილური დამოკიდებულებით, და, რა თქმა უნდა, ერთადერთი [საკითხია], რომ არა მოიხსნას, არამედ ჩამოცილდეს საქართველოს საპატრიარქოს მართვა-გამგეობას”, – ამბობს მიტროპოლიტი.

ჟურნალისტის კითხვაზე, მხოლოდ ილია II-მ უნდა მიიღოს თუ არა ამის შესახებ გადაწყვეტილება, მიტროპოლიტმა პეტრემ უპასუხა: “რა თქმა უნდა, მისი უწმინდესობა უნდა დარწმუნდეს ამაში და გადადგას, როგორც მას სჩვევია, ეს გამბედავი ნაბიჯი”. მიტროპოლიტმა გაიხსენა, რომ 2015 წელს, ამავე დროს, სინოდის სხდომის შემდეგ, სცადეს შორენა თეთრუაშვილის ძალაუფლებისგან ჩამოშორება, თუმცა, მისი თქმით, პატრიარქს არწმუნებენ ხოლმე “გარკვეული ადამიანები, რომ ეს ქალბატონი საჭიროა დედაეკლესიაში, საჭიროა ამ მდგომარეობით”. ეს კი მიტროპოლიტს “ძალიან უხერხულ მდგომარეობად” მიაჩნია.

მიტროპოლიტმა პეტრემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილს განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს და განმარტა, — “განუსაზღვრელია ძალაუფლება, როდესაც მას ერთპიროვნულად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება საპატრიარქოს სახელით. განუსაზღვრელია ძალაუფლება, როდესაც რიგი სასულიერო პირებისა თუ მაღალი იერარქების, სამწუხაროდ, უფრო მეტად ასრულებენ მის დავალებას, ვიდრე საქართველოს ეკლესიის მმართველი პატრიარქისას”, – ამბობს მიტროპოლიტი პეტრე და დასძენს, რომ შორენა თეთრუაშვილთან დაპირისპირებაში სინოდის წევრებს შორის “თანამოაზრე ბევრი ჰყავს, მაგრამ თანამებრძოლი – ჯერ არა”.

მიტროპოლიტი პეტრე. 22.12.2016. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მიტროპოლიტი პეტრე. 22.12.2016. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

ჟურნალისტის კითხვაზე, წამოაყენეს თუ არა სინოდის სხდომაზე პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, სოსო ოხანაშვილის გათავისუფლების საკითხი [ოხანაშვილის სამსახურიდან დათხოვნაზე ქორეპისკოპოსი იაკობი საუბრობდა], მიტპროპოლიტმა პეტრემ უპასუხა:

“არც ყოფილა და ვერც იქნებოდა ამ კუთხით ამ საკითხის დაყენება მიუხედავად იმისა, რომ იყო პირადად ჩემი სურვილი, რომ შევხებოდით ამ პრობლემას, მაგრამ უწმინდესმა ყოველთვის თავისი ჩვეული დიდსულოვნებით თავი აარიდა კონკრეტულად ამ პრობლემური საკითხების განხილვას”, – თქვა მიტროპოლიტმა.

“ვიყავი მომხრე, რომ ეგ [სოსო ოხანაშვილის მოხსნის] საკითხი … გაჟღერებულიყო სინოდზე, მაგრამ იქნა არიდებული თავიდან. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბიჭები, რომლებიც პატრიარქს ერთგულად და თავდადებით ემსახურებიან, არიან ერთადერთი აუღებელი ციხესიმაგრე ხსენებული ქალბატონის [შორენა თეთრუაშვილის] მიერ… ეს ბიჭები არიან გარანტი იმისა, რომ საზოგადოება არ აღმოჩნდება დეზინფორმირებული ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ, სწორედ ამიტომაც აქცენტი ამ ბიჭების მიმართ, მიმაჩნია, რომ უფრო შორს მიდის. სწორედ იმიტომ გახდნენ ისინი სამიზნენი, რომ ერთგულად ემსახურებიან პატრიარქს და არიან გარანტი, რომ უსამართლობა ბოლომდე ვერ იზეიმებს და პატრიარქი არ აღმოჩნდება არასასურველ სიტუაციაში”, – თქვა მიტროპოლიტმა პეტრემ.

მიტროპოლიტმა ისაუბრა დეკანოზ დავით ისაკაძის ნათქვამზეც, მღვდლები, თეოდორე გიგნაძე და ალექსანდრე გალდავა, მწვალებლები არიანო:

“ეკლესიის მტრებს აწყობთ გაუგებარი, დაუბალანსებელი და არაჯანსაღი ვითარება, როდესაც სასულიერო პირები ზედმეტის უფლებას აძლევენ თავის თავს. არაერთხელ აღუნიშნავთ მათ თვითონ, რომ ჩვენ მივმართეთ სინოდს, მაღალ იერარქიას და მათ ვერ მიიღეს პასუხი, ამიტომ მათ თვითონ გადაწყვიტეს, სამწუხაროდ, არასწორი ფორმით თავისი სიმართლის დამტკიცება, რასაც შეიძლება, სავალალო მდგომარეობამდე მივყავართ. სწორედ განუსაზღვრელი ძალაუფლება ნიშნავს იმას, რომ არსებული კომისიები, საღვთისმეტყველო, ზნეობრივი, პატრიარქის სხვა თანაშემწეები, დავუშვათ, ქორეპისკოპოსთა სახით, რომლებიც, ფაქტია, რომ ვერ აგვარებენ ამ პრობლემას იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა ეკლესიაში”.

“სასულიერო პირების ჩართულობა არის პროვოცირება და შეცდომაში შეყვანა სასულიერო პირებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, გაუგებარი მიზეზით ჩაერთნენ ამაში. ეს იყო მცდელობა პირველხარისხოვანი პრობლემის გადაფარვისა მეორე და მესამეხარისხოვანი პრობლემით”, – განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა “ქრონიკაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი