ახალი ამბები

კულტურის სამინისტრომ თეატრებს შორის ყველაზე მეტი თანხა თუმანიშვილის თეატრს მისცა

23 დეკემბერი, 2016 • 6776
კულტურის სამინისტრომ თეატრებს შორის ყველაზე მეტი თანხა თუმანიშვილის თეატრს მისცა

მიხეილ თუმანიშვილის თეატრმა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძეა, 2016 წელს კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან კონკრეტული პროგრამების დაფინანსებისთვის 755 269 ლარი მიიღო, რაც სახელმწიფო თეატრების პროექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსების 42%-ია და ორჯერ აღემატება რეგიონების თეატრებისთვის გამოყოფილ თანხებს.

სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თეატრებისთვის წინასწარ გათვალისწინებულია თანხა, რომელიც შრომის ანაზღაურებისა და სხვადასხვა მომსახურებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა წლის განმავლობაში თეატრებს აქვთ შესაძლებლობა, კულტურის სამინისტროს მიმართონ სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის დამატებითი დაფინანსების მისაღებად. კულტურის სამინისტრო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ასეთ პროექტებს აფინანსებს.

ინფოგრაფიკაზე მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ თეატრებს რა ოდენობის თანხა გადაურიცხა კულტურის სამინისტრომ 2016 წელს, 12 დეკემბრის მდგომარეობით.


თეატრების დაფინანსება 2016 წელს
Create your own infographics

 


მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრს კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან 479 534 ლარი გადაურიცხეს ხელოვნების ფესტივალის ჩასატარებლად, რომლის დამფუძნებელი ქეთი დოლიძეა.

ამის გარდა, თუმანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრმა 2016 წელს აშშ-ში, მიდთაუნის საერთაშორისო ფესტივალზე და ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობისთვის ხარჯების დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 218 808 ლარი მიიღო.

კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო საჭირო თანხა თუმანიშვილის სახელობის თეატრში შემდეგი სპექტაკლების დადგმისთვის: “არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!” (22 544 ლარი), “სპექტაკლი – “ნანილი” (4 600 ლარი) და “მრისხანება” (30 800 ლარი).

ფესტივალ “საჩუქარს” მთავრობა გასულ წლებშიც აფინანსებდა. საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალ „საჩუქარს“ მხარს უჭერდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ასევე, თბილისის  კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ხელოვნების ფესტივალი, რომელიც ქართველი რეჟისორის, მიხელ თუმანიშვილის სახელს ატარებს,  მისმა მოსწავლემ,  რეჟისორმა ქეთი დოლიძემ 1996 წელს დააარსა. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მისი მიზანია, რომ მსოფლიოს მასშტაბით დამყარეს და გაძლიერდეს კულტურული კავშირები.

ქეთი დოლიძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარს უჭერდა მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას”, რომელიც იმ დროს ოპოზიციაში იმყოფებოდა. რეჟისორი მონაწილეობას იღებდა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებში და “ქართული ოცნების” სახელით დაპირებებს გასცემდა.

რაც შეეხება სხვა თეატრებს, პროექტების დაფინანსების კუთხით, ისინი ბევრად ჩამორჩებიან თუმანშვილის სახელობის თეატრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი