ახალი ამბები

შსს გურჯაანში 10 თვის ბავშვის სიკვდილს გამოეხმაურა

30 სექტემბერი, 2012 • • 1422
შსს გურჯაანში 10 თვის ბავშვის სიკვდილს გამოეხმაურა

“პოლიციაში შემოვიდა განცხადება კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგაში რაფალიანი ბარბარეს, 10 თვის ბავშვის სახლიდან დაკარგვის შესახებ. პოლიცია მყისიერად შეუდგა ოჯახთან ერთად ბავშვის ძებნას. ჩვილი მალევე იქნა ნაპოვნი სახლის ეზოში წყლით ნაწილობრივ სავსე ქვევრში. ბავშვი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. სამწუხაროდ ბავში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ოჯახს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებული მოვლენები!”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. პოლიციისვე ცნობით, ადგილზე უკვე მუშაობენ კრიმინალისტები.

 

შეგახსენებთ, რომ მომხდარი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას დაუკავშირა, რადგან გარდაცვლილი ბავშვის ნათესავები “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან და როგორც ისინი ამბობენ, მათ მიმართ გასული დღეების განმავლობაში იყო მუქარა.

 

“ბავშვი ჯერ გაიტაცეს, შემდეგ ქვევრში ჩააგდეს და თავსახური დაახურეს. მე ვიცი რამდენი ხნის განმავლობაში ემუქრებოდა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ოჯახს. ოჯახის წევრები ვერ მოისყიდეს და თავის მხარეზე ვერ გადაიყვანეს, ფულიც კი შესთავაზეს და მას შემდეგ, რაც ვერაფერს გახდნენ, ასე გაუსწორდნენ ოჯახს”, – განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.

 

როგორც “ქართული ოცჯების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს ბავშვი საძინებლის ფანჯრიდან გაიტაცეს, რამდენიმე ხნის ძებნის შემდეგ ის ოჯახის წევრებმა ქვევრში ჩაგდებული იპოვეს, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი