ახალი ამბებისამართალი

მღებრიშვილის თქმით, ჟურნალისტის ცემაში ბრალდებული პოლიციელი შსს-დან წავიდა

22 დეკემბერი, 2016 • 2301
მღებრიშვილის თქმით, ჟურნალისტის ცემაში ბრალდებული პოლიციელი შსს-დან წავიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, პოლიციელი, რომელსაც ტელეკომპანია “იბერიის” წამყვანი გიორგი გასვიანი ცემასა და მუქარაში ადანაშაულებს, შსს-დან წავიდა.

როგორც მღებრიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიციელმა თავად დაწერა პატაკი გათავისუფლების თაობაზე, რაც სამინისტრომ დაუკმაყოფილა. დამატებით კითხვებს შს მინისტრმა არ უპასუხა და განმარტა, რომ “საქმეს პროკურატურა იძიებს იმიტომ, რომ ვინმეს არ ეგონოს, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მის თანამშრომელს მფარველობს”.

ტელეკომპანია “იბერიის” წამყვანი გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ 18 დეკემბერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელმა და კიდევ ორმა მოქალაქემ ბორჯომში სცემეს. მისი თქმით, ბორჯომში, მოყინული გზისა და ავტომობილის გაუმართაობის გამო, მანქანა მოუსრიალდა, რა დროსაც იმავე ქუჩაზე იმყოფებოდნენ ის პირები, რომლებსაც ცემაში, მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ჟურნალისტის თქმით, პოლიციელი და მისი მეგობრები უყვიროდნენ, რომ ავარიით მათი მოკვლა უნდოდა და არ მისცეს ახსნა-განმარტების საშუალება, რატომ მოსრიალდა ავტომობილი.

გიორგი გასვიანის ცემის ფაქტის გამო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს, ხოლო შს მინისტრმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ დადასტურდა “იბერიის” ჟურნალისტის ნათქვამი იმის შესახებ, რომ მას ბორჯომში პოლიციელმა სცემა, სამართალდამცველი უმკაცრესად დაისჯება.

თავდაპირველად გიორგი გასვიანის განცხადების საფუძველზე გამოძიება ბორჯომის რაიონულ პოლიციამ 126-ე მუხლით დაიწყო, თუმცა შემდეგ საქმე პროკურატურამ გადაიბარა. ამჟამად ჟურნალისტის შესაძლო ცემის ფაქტს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალდობა) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი