გიორგი მღებრიშვილი

ვის უწოდა მღებრიშვილმა შსს-ში “ბალასტი” – მინისტრის განმარტებები

შს მინისტრის თქმით, ადამიანები, რომლებიც “ბალასტი” არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან თანამდებობებიდან. გიორგი მღებრიშვილის გუშინდელ განცხადებას ოპიზიციისა და საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც მას განმარტებების გაკეთება მოუწია.

მინისტრის განმარტებით, გუშინ არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა მისი კომენტარის ირგვლივ, რომელიც შეეხებოდა უწყებაში მიმდინარე ოპტიმიზაციას. მინისტრის თქმით, “ბალასტად” გულისხმობს იმ თანამშრომლებს, რომლებიც პოლიციის მუნდირს შეურაცხყოფენ და ჩირქს სცხებენ მას.

“ასეთ ადამიანებს ვუწოდებ “ბალასტებს” და სწორედ ასეთი ადამიანებისგან გათავისუფლდება შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც შესაძლებელია, რომ იყვნენ ასეთი ადამიანები. 40 ათასამდე თანამშრომელი გვყავს შსს-ში და გამორიცხული არ არის, რომ ასეთი თანამშრომლები იყვნენ. მე “ბალასტში” ვგულისხმობდი მხოლოდ ასეთ ადამიანებს. ასევე, აქვე გავნვმარტავ, რომ თავის თანამდებობას შეინარჩუნებს ყველა ის თანამშრომელი, ღირსეული პოლიციელი, რომელიც სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავს თქვენი, ჩვენი, ჩვენი შვილების და ყველას უსაფრთხოებას. ასეთი თანამშრომლები არათუ დარჩებიან, არამედ წახალისდებიან და დაწინაურდებიან კიდეც სისტემაში,” – ამბობს მღებრიშვილი.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, მას უკვე გამოუვლენია ისეთი ადამიანები, ვინც შეურაცხყოფენ შსს-ს მუნდირს და გაუთავისუფლებია სამსახურიდან: “რა არის აქ გასაკვირი, რომ ჩვენ მათგან განვთავისუფლდეთ? შეურაცხმყოფელი არის ჩემთვის ის, რომ ისეთი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს პოლიციას, იყოს სისტემაში.”

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ოთო კახიძე აცხადებს, რომ ადამიანებს, რომლებიც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ოპტიმიზაციის გამო ათავისუფლებენ სამსახურიდან, ბოდიში უნდა მოუხადონ და არ უნდა დაამცირონ. კახიძის განცხადებით, ეს ადამიანები ისედაც უმუშევრად დარჩებიან და დამატებით მათი დამცირება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი.

საქართველოს მთავრობამ სამინისტროებში ოპტიმიზაცია დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში თანამდებობას 200-დან 250-მდე თანამშრომელი დატოვებს. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი აცხადებს, რომ ოპტიმიზაციის ფარგელბში ახალი სამსახური შეიქმნება, რომლებიც თანამშრომლების მუშაობას შეაფასებს და შესაბამისად გადაწყდება, თანამშრომლის ხელფასი მოიმატებს თუ შემცირდება. სერგეენკოს თქმით, შტატების შემცირება თვითმიზანი არაა.

ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.