ახალი ამბები

სერგეენკოს თქმით, თანამშრომელთა მუშაობის შესაფასებლად ახალი სამსახური იქმნება

22 დეკემბერი, 2016 • 2794
სერგეენკოს თქმით, თანამშრომელთა მუშაობის შესაფასებლად ახალი სამსახური იქმნება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპტიმიზაციის ფარგლებში ახალი სამსახური შეიქმნება, რომლებიც თანამშრომლების მუშაობას შეაფასებს და შესაბამისად გადაწყდება, თანამშრომლის ხელფასი მოიმატებს თუ შემცირდება. სერგეენკოს თქმით, შტატების შემცირება თვითმიზანი არაა:

“ჩვენი პირველადი ამოცანა არ არის, კადრების შემცირება დავიწყოთ, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა იქნება გასატარებელი, ჩვენი შეხედულებაა, რომ ვქმნით, ვააქტიურებთ ახალ სამსახურს, რომლის ამოცანაც იქნება თანამშრომელთა მუშაობის შეფასება, მონიტორინგი. ხელფასის ჯამური 10% არათანაბრად გადანაწილდება, ვინც მაღალ შეფასებას დადებს, მასზე არათუ არ იმოქმედებს ეს შემცირება, პირიქით, უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებს და პირიქით. ამოცანაა, მუშაობის ეფექტურობის მიხედვით გადანაწილება ამ ხელფასის და არა რუტინული – 10% ან მიზანმიმართული შემცირება”, – განაცხადა სერგეენკომ ჟუნრალისტებთან საუბრისას მთავრობის დასრულების შემდეგ.

ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებაზე გიორგი კვირიკაშვილმა 2 დეკემბერს ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტში ყველა საბიუკეტო ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურებისა და ადმინისტრაციული ხარჯები 10-10 პროცენტით მცირდება, რაც 2016 წელთან შედარებით 100 მლნ ლარზე მეტის ეკონომიას მოახდენს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო უწყებებმა საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე თავად უნდა გადაწყვიტონ, რა ფორმით მოახდენენ ხარჯების ოპტიმიზაციას. ნეტგაზეთის შეკითხვაზე, ჯამში, საჯარო უწყებების თანამშრომელთა რამდენი პროცენტით შემცირება იგეგმება, პრესსამსახურში კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა განაცხადეს, რომ “არ იგეგმება დიდი რაოდენობით მოხელეთა გათავისუფლება”. გუშინ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონიდან  77 ადამიანი, მათ შორის, 30 სამოქალქო პირი დაითხოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი