ახალი ამბები

თამაზ ბაკურიძე: „წამებაში მონაწილე პირები კომფორტულ პირობებში არიან”

30 სექტემბერი, 2012 • 1591
თამაზ ბაკურიძე: „წამებაში მონაწილე პირები კომფორტულ პირობებში არიან”

ყოფილი პატიმარი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ის პირები, რომლებიც პატიმრების წამებაში იღებდნენ მონაწილეობას, საპყრობილეში კომფორტულ პირობეში ჰყავთ მოთავსებული, „იმაზე კომფორტულშიც კი, როგორშიც გირგვლიანის მკვლელები ჰყავდათ“.   

 

   თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ წამებაში მონაწილე პირების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, „100-პროცენტიან ინფორმაციას ფლობს“: „ეს პირები გადაიყვანეს მე-10, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში, ადრე მას ქალთა კოლონია ერქვა. ყველაფერთან ერთად მათ აქვთ სეირნობისა და გარეთ ყოფნის უფლება“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.  

 

 თამაზ ბაკურიძე მიმართავს სასჯელაღსრულების სამინისტროს ახალ მინისტრს გიორგი ტუღუშს: თუ 16:00 საათამდე პატიმრების წამების მონაწილეებს არ გადაიყვანენ დახურული ტიპის დაწესებულებაში, „ყველას იმ პირის ვინაობას დავასახელებ, ვინც პატიმრების წამებისთვის დაკავებულ ადამიანებს კომფორტი შეუქმნა“. 

 

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მათ ინფორმაცია გადაამოწმეს და ნინო ერემაშვილის თქმით, ნომერ მეათე დაწესებულება ამ დროისათვის არ არსებობს, გაუქმებულია. 

 

თამაზ ბაკურიძე აზუსტებს დაწესებულების შესახებ ინფორმაციას: „შეიძლება ნუმერაცია შეუცვალეს და აღარ არის #10 დაწესებულება, მაგრამ ეს ის დაწესებულებაა, სადაც ათავსებენ ყოფილ თანამდებობის პირებს, ბიზნესმენებს და ძალოვანი უწყების თანამშრომლობს. ტერიტორიულად ეს დაწესებულება თბილისშია“.

 

ყოფილი პატიმრის თამაზ ბაკურიძის თქმით, „პატიმართა წამების მონაწილე პირებისთვის საპატიმრო დაწესებულებაში კომფორტის შექმნაზე პირადად გიორგი ლორთქიფანიძემ, ვანო მერაბიშვილის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ იზრუნა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი