ახალი ამბები

სერგეენკო: ურეცეპტოდ წამლის გაყიდვისთვის 53 ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელია დაკავებული

22 დეკემბერი, 2016 • 8718
სერგეენკო: ურეცეპტოდ წამლის გაყიდვისთვის 53 ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელია დაკავებული

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული აფთიაქების ხელმძღვანელები დააკავა ურეცეპტოდ მედიკამენტის გაყიდვის გამო, აქედან 26 ხელმძღვანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული.

“მოგეხსენებათ, აფთიაქები, რომლებიც ბოლო პერიოდში უკანონოდ ვაჭრობდნენ და ავრცელებდნენ, მათ შორის არასრულწლოვნებზეც ფსიქოტროპულ წამლ;ებს ყოველგავრი რეცეპტის გარეშე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ძალიან ეფექტური ოპერაციის შედეგად, დაკავებულია 53 ასეთი აფთიაქის ხელმძღვანელი, მათგან 26-ზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო ატარებდა აფთიაქების მონიტორინგს, გარკვეულ შემთხვევებში უწერდა მათ ჯარიმას. ეს ადამიანები არ იხდიდნენ ამ ჯარიმას, სხვა ადამიანზე არეგისტრირებდნენ “შპს”-ს და აგრძელებდნენ ამ საქმიანობას”, – განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, თაღლითური სქემებით სარგებლობის გამო სახელმწიფომ მილიონ ლარზე მეტი ზარალი ნახა. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პროცესი ჯერ დასრულებული არაა და იმედს გამოთქვამს, რომ სააფთიაქო ნარკომანია დასრულდება.

ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ნარკომანიისგან თავისდაღწევის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივების გატარება ზაფხულიდან დაიწყო. 3 აგვისტოს მთავრობამ ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, ფარმაცევტებს, პირველი ჯგუფის – ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ და არსებული კანონის დარღვევის გამო ავტორიზებულ აფთიაქებში პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.

მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, თუ ფარმაცევტი მომხმარებელს პირველი ან მეორე ტიპის მედიკამენტს ურეცეპტოდ მიჰყიდის, მას ამ კანონდარღვევისთვის პირველი და მეორე მედიკამენტების გაყიდვა გარკვეული დროით აეკრძალება და მხოლოდ ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების რეალიზაციის უფლება ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი