ახალი ამბები

ბიოლის ფონდში “ჩარევა სასურველიას” გამარჯვებულად ქეთი ქანთარია დაასახელეს

22 დეკემბერი, 2016 • 6956
ბიოლის ფონდში  “ჩარევა სასურველიას” გამარჯვებულად ქეთი ქანთარია დაასახელეს

დღეს, 21 დეკემბერს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ “ნეტგაზეთზე” პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ერთ-ერთი ავტორი, ქეთი ქანთარია “ჩარევა სასურველიას” გამარჯვებულად დაასახელა.

ჰაინრიჰ ბიოლის დაბადებიდან 99-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე ბიუროს დირექტორმა ნინო ლეჟავამ ისაუბრა ქეთი ქანთარიას წვლილის შესახებ, რომელიც მას მიუძღვის ქართველების, აფხაზებისა და ოსების მორიგების მცდელობაში, ასევე, საზღვარს მიღმა დარჩენილ აფხაზებსა და ოსებთან მუდმივი დიალოგის წარმართვაში. მან განმარტა, რომ ქეთი ქანთარია წლებია საკუთარი ენერგიით უამრავ დადებით იმპულსს გასცემს და სხვებსაც ახალისებს, რომ ჩაერთონ ამ დიალოგში.

ქეთი ქანთარია, რომელიც 2004 წლიდან მხატვრული ლიტერატურის თარგმანზე მუშაობს, 2009 წლიდან წერს “კავკასიურ პრობლემატიკაზე” სხვადასხვა გამოცემებისთვის [“ცხელი შოკოლადი“, “ლიბერალი“, “ნეტგაზეთი“].

ქეთი ქანთარიას სტატიები, რომლებიც ნეტგაზეთში გამოქვეყნდა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

თარგმანები:

[checklist]

  • 2016 –  ბრუნო შულცი. დარიჩინის ქულბაქები.
  • 2016 – ჩარლზ ბუკოვსკი. ფოსტა;
  • 2015-  კურტ ვონეგუტი. სასაკლაო 5;
  • 2014 – პოლ ოსტერი. ილუზიების წიგნი;
  • 2013 – ფილიპ როტი. პორტნოის სინდრომი;
  • 2013 – ორლანდო ფიგესი. ნატაშას ცეკვა. რუსეთის კულტურული ისტორია;
  • 2011- პოლ ოსტერი. მისნის ღამე;
  • 2011-  პიტერ კერი. ძარცვა. სიყვარულის ისტორია;
  • 2011-  ჰენრი დევიდ თორო. უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება;
  • 2007 – პოლ ოსტერი. ნიუ იორკის ტრილოგია;
  • 2006 – დიბისი პიერი. ვერნონ გენიოს ლითლი.

[/checklist]

ბიოლის ფონდის განმარტებით, ნომინაციის “ჩარევა სასურველია” დაწესება მიზნად ისახავს ისეთი სამოქალაქო აქტივისტების მხარდაჭერას, ვინც მანამდე არ იყო ჩართული ბიოლის ფონდის პროექტებში, ვინც იღწვის საზოგადო კეთილდღეობისთვის და არ შემოიფარგლება მხოლოდ საკუთარი პროფესიის ჩარჩოებში, ვისი ინიციატივაც, თუნდაც მოკლევადიანი, ერთჯერადი არ დაჩება და გავლენას იქონიებს გარემოზ, ვისაც ნომინაცია წაახალისებს, რათა საკუთარი საქმიანობა თანმიმდევრულად გააგრძელოს.

ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურომ 2013 წელს ნომინაციაში “ჩარევა სასურველია” დააჯილდოვა პარტიზანული მებაღეობის წევრი ნატა ფერაძე, 2014 წელს – გიორგი ხასაია, 2015 წელს – ნანა ბაგალიშვილი.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მწვანე პოლიტიკური ფონდია და იზიარებს გერმანიის ბუნდესტაგში წარმოდგენილი პარტიის „კავშირი 90/მწვანეები“ პოლიტიკურ ღირებულებებს, მსოფლიოს მასშტაბით ეწევა და მხარს უჭერს აქტივობებს პოლიტიკური და სამოქალაქო განათლების სფეროში. საქართველოში ფონდი უკვე 10 წელზე მეტია მოღვაწეობს და აქტიურად მუშაობს დემოკრატიის, მდგრადი განვითარების და ადამიანის უფლებების საკითხებზე.

ჰაინრიჰ ბიოლი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი მწერალია. 1972 წელს ჰაინრიჰ ბიოლს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

ჰაინრიჰ ბიოლი ერთგულად უჭერდა მხარს დევნილ კოლეგებს, სამოქალაქო უფლებათა აქტივისტებსა თუ პოლიტიკურ პატიმრებს.

ჰაინრიჰ ბიოლი წლების მანძილზე იყო საერთაშორისო პენ-ცენტრის პრეზიდენტი.

მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომებია: “ჩვენი ადრეული წლების პური”, “ბილიარდი ათის ნახევარზე”, “კლოუნის თვალთახედვა”, “ჯგუფური პორტრეტი ქალთან”, “კატარინა ბლუმის დაკარგული ღირსება”, “ქალი მდინარის ფონზე” და “ირლანდიური ჟურნალი”.

ნინო ლეჟავას განმარტებით, მომავალ წელს ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი