ახალი ამბები

‘ახალი გაზეთის’ რედაქტორი აცხადებს, რომ ოფისის დაცლა მოთხოვეს

29 სექტემბერი, 2012 • 1196
‘ახალი გაზეთის’ რედაქტორი აცხადებს, რომ ოფისის დაცლა მოთხოვეს

ია ბობოხიძემ “ნეტგაზეთს” ვიდეომასალა გადასცა, რომელშიც სახლის მეპატრონე იას უხსნის თუ რატომ მოსთხოვა ოფისის დაცლა. 

 

„მე-9 არხზე მქონდა ჩართვა და ვთქვი, რომ ბევრი ხალხი იყო „ოცნების“ აქციაზე ქუთაისში. მართლა ასე იყო და სხვა რა უნდა მეთქვა?! ჩართვიდან რამდენიმე წუთში ჩამოვიდა დიასახლისი, ვისგანაც ოფისი გვაქვს იჯარით აღებული და სასწრაფო წესით ოფისის დაცლა მომთხოვა: „ოპოზიციონერი ყოფილხარ და როგორ გაგაჩერებო, შენ არც კი იცი რამხელა პრობლემები შეგვექმნებაო“. როგორც გავიგე, მისი სიძე, დათო გოგისვანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული კოორდინატორი ყოფილა. ეს საუბარი დიქტოფონზე ჩავიწერე“, – აცხადებს ია ბობოხიძე.

ის ამბობს, რომ ოფისის მეპატრონესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, „ახალ გაზეთს“ ოფისით სარგებლობის უფლება შემდეგი წლის სექტემბერამდე აქვს:

 

„ჯერ არ ვიცის რას ვიზამ. იურისტებთან გავივლი კონსულტაციას და იმის მიხედვით ვიმოქმედებ. პირად კონფლიქტში შესვლას არ ვაპირებ – 2 კომპიუტერი მაქვს, წავიღებ სახლში და იქედან ვიმუშავებ, აბა, საარჩევნოდ ხომ არ გავჩერდებით“.

„ახალმა გაზეთმა“ ოფისის იჯარის თანხა გასულ წელს „ღია საზოგადოება საქართველოსგან“ მიიღო.

“ნეტგაზეთის” კორესპოდენტმა ის სახლი გადაიღო, სადაც “ახალი გაზეთის” ოფისია განთავსებული. ოჯახში მამაკაცი ქალბატონს ეჩხუბება, ყვირის და მოითხოვს, რომ რედაქციამ ოფისი დღესვე დაცალოს.

 

მოგვიანებით “ახალი გაზეთის” მთავარმა რედაქტორმა ია ბობოხიძემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მათგან რედაქციის ტექნიკის დაცვა მოითხოვა.

 
 
პატრულმა საქმე გადაცა პოლიციის მეორე განყოფილებას შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი