ახალი ამბები

2.42 სმ თოვლის საფარი ხულოში და ზვავსაშიში რეგიონები საქართველოში

21 დეკემბერი, 2016 • 4769
2.42 სმ თოვლის საფარი ხულოში და ზვავსაშიში რეგიონები საქართველოში

21 დეკემბრის მონაცემებით, თოვლის ყველაზე მაღალი საფარი, 2 მეტრი და 42 სმ, ხულოს რაიონშია. რაიონის გამგებელი ამბობს, რომ ბოლო 16 დღის მანძილზე დაახლოებით 5 შემთხვევა იყო, როდესაც ზვავი ან მეწყერი ჩამოწვა, რაონში საგანგებო ვითარებაა, თუმცა განსაკუთრებულ გართულებებს ადგილი არ ჰქონია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ცნობით, ხულოს გარდა, საქართველოს სხვა რაიონებსა და რეგიონებში თოვლის მაღალი საფარია, მათ შორის- ქალაქებში. მაგალითად, ზუგდიდში 18-სანტიმეტრიანი თოვლია, შესაძლოა თოვლის საფარი უფრო მეტიც ყოფილიყო, თუმცა თოვა წვიმაში გდავიდა  და საბოლოოდ საფარის სიმაღლე 18 სანტიმეტრით განისაზღვრა, ქუთაისში 15 სმ სიმაღლის თოვლია, საჩხერეში -7 სმ, ზესტაფონში -17 სმ, რიკოთის გადასასვლელზე- 195 სმ, შოვში – 62 სმ, ამბროლაურში – 30 სმ, მესტიაში – 64 სმ, ბაკურიანში- 51 სმ,  ფასანაურში -25 სმ, გუდაურში -94 სმ, სტეფანწმინდაში -26 სმ.

მოკლევადიანი პროგნოზის მიხედვით, 24 დეკემბრის ჩათვლით მთელ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა 22 და 23 დკემბერს ღამით ყინვა მოიმატებს:

“ყინვები კი დარჩება, მაგრამ შერბილდება და 24-25-ში და შემდეგ დღეებში ძლიერად აღარ იქნება. 25 დეკემბრიდან  ტემპერატურა მატულობს, თუმცა რამდენიმე დღე თოვლი იქნება. გზებზე ლიპყინულია მოსალოდნელი”, – ამბობს დოდ გვაზავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

[blue_box]ზვავსაშიშროება[/blue_box]

დიდთოვლობის მთავარი საფრთხე ზვავსაშიშროებაა, მით უფრო 20 დეკემბერს სოფელ ხაიშში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთ ადამიანი დაიღუპა.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური რისკების  სამსახურის უფროსი  ვაჟა საბაური ამბობს, რომ ამ დროისთვის ზვავსაშიში ზონა აჭარა და სვანეთია, ხოლო ყაზბეგის მიმართულებით ეს საფრთხეები არ არსებობს:

„საქართველოს რეგიონებში, შეიძლება ითქვას, რომ ზვავსაშიში მდგომარეობაა,  გუშინ, მაგალითად, მესტიის გზაზე, ხაიშთან, ზვავი ჩამოვიდა. იქ მგზავრები იყვნენ, მანქანიდან გადმოვიდნენ, საერთოდ არ შეიძლება მანქანიდან გადმოსვლა ასეთ დროს, იმ ადგილს უნდა მოშორდე, ერთი კაცი იმსხვერპლა ზვავმა. ყაზბეგის გზაზე, კობი-გუდაურის მონაკვეთზე, ძირითადად ყველაზე რთული მონაკვეთია  ესაა, მცხეთა-ლარსის საავტომობილო გზაზე ზვავსაშიშროება  მოხსნილია”, – ამბობს საბაური “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ზვავებისგან ყველაზე კარგი თავდაცვის საშუალება გვირაბებია, როგორიც, მაგალითად, კობი- გუდაურის გზაზეა გაკეთებული. რაც შეეხება ხულოს, აჭარაში მიწის პროლემაა და მოსახლეობა ისეთ ადგილას აშენებს სახლებს, სადაც შეიძლება მეწყერიც განვითარდეს:

“ხულოში და შუახევში გვქონდა გამოძახებები და ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა ჩავატარეთ. ეს საკითხი მწვავედ დგას, ასეთ ოჯახებს ასახლებენ ან სხვა რეგიონში შეიძლება გადაიყვანონ. გზებზე რა მოგახსეენოთ, არც სვანეთის გზაა დაცული და არც ხულოსი“.

ხულოში არის სოფლები, სადაც გარკვეულ ადგილამდე სამანქანო გზა არის, მაგრამ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილთან მისვლას ვერ ახერხებ. ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ ხულოში საგანგებო სიტუაციაა და ბოლო 15 დღის მანძილზე რამდენიმე მეწყერი და ზვავი იყო. დღევანდელი მდგომარეობით ხულოში თოვლის საფარი 2 მეტრს აჭარბებს:

“რამდენიმე ნაგებობა გადაუთოვლობის გამო ჩაიტეხა, ისეთი შენობები, სადაც სეზონურად ცხოვრობენ  და ამ დროს იქ არავინ იყო, შესაბამისად, არავინ დაშავებულა”,- ამბობს გამგებელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, გარესამყაროს მოწყვეტილი არც ერთი სოფელი არაა. მოსახლეობა ხულოში ზამთრისთვის მთელი წელი ემზადება და სურსათი მომარაგებული აქვს:

“პურს ძირითადად ოჯახში აცხობენ, ამიტომ, თუ, მაგალითად, ფქვილი გამოელევათ, ჩვენ მზად ვართ, მათ დავეხმაროთ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეხება სამედიცინო დახმარებას, სამედიცინო პერსონალს შარშან ჯანდავის სამინისტრომ გადასცა რამდენიმე “ნივა”, ასევე ასეთ დროს სამაშველო სამსახური და პოლიცია ერთვება. მნიშვნელოვანი გართულება ჯერ არ გვქონია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი