ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 80-მდე თანამშრომელი დაითხოვეს

21 დეკემბერი, 2016 • 2699
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 80-მდე თანამშრომელი დაითხოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონიდან  77 ადამიანი, მათ შორის, 30 სამოქალქო პირი დაითხოვეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს განუმარტეს, ეს პირები კადრების განყოფილების განკარგულებაში გადავიდნენ და არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი სამუშაო ადგილს დაუბრუნდეს.

გენშტაბის უფროსის მოადგილემ, შალვა ჯაბახიძემ ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას აღნიშნა, რომ უწყებაში გაბერილი შტატებია. მისივე თქმით, სამხედრო პოლიციიდან ამ პირების დათხოვნა საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ოპტიმიზაციის პროცესს არ უკავშირდება.

“ჩვენი მიზანია, რომ სამხედრო პოლიციის ბატალიონები იყოს გასამხედროებული ქვედანაყოფი, სადაც იმსახურებენ არანაკლებ ერთ კონტრაქტგავლილი ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებსაც აქვთ ძირითადად სამხედრო განათლებაც მიღებული და, რა თქმა უნდა, სამხედრო პოლიციის მიმართულებითაც არიან განვითარებული. ეს იყო მათი გათავისუფლების მიზეზი. სამხედრო პოლიციის ბატალიონები არ დარჩება ამ ფორმით, შემდგომში ვაპირებთ მათ ოპტიმიზაციას. ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის გაბერილი შტატებიც. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ჰაუპვახტის საკითხი. როდესაც ჰაუპვახტი აიკრძალა, აღარ იყო შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ სამხედრო პოლიციაში შტატი არსებობდა… არავითარ კავშირში არ არის ეს მთავრობის გადაწყვეტილებასთან. ეს იყო ჩვენი ხედვა,”- განაცხადა შალბა ჯაბახიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი