ახალი ამბები

პაატა კვიჟინაძე: წინა ხელისუფლებამ თურქეთთან სამარცხვინო ხელშეკრულება დადო

21 დეკემბერი, 2016 • 3161
პაატა კვიჟინაძე: წინა ხელისუფლებამ თურქეთთან  სამარცხვინო ხელშეკრულება დადო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ თურქეთთან  სამარცხვინო ხელშეკრულება დადო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

“ბაჟის გადასახადი ჩვენთან ან განულებულია, ან მაქსიმუმ 12პროცენტი არის, ხოლო თურქეთის მხრიდან 12 პროცენტი საერთოდ არაა, 70, 80 და 200 პროცენტიც კი არის ბაჟი, თან ისეთ საქონელზე, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ. მაგალითად, ხილ-ბოსტნეული, ღვინოები და წყლები. ჩვენმა მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკება, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, მაგრამ ურთულეს დღეში ვართ, რადგან ეს შეთანხმება უკვე ხელმოწერილია და მისი გაუქმება და ახლის დადება ძალიან ძნელია. თურქეთი ჩვენი პარტნიორია, მეგობარია, მაგრამ თქვენ [წინა ხელისუფლეამ] სამარცხვინო ხელშეკრულება დადეთ,” – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2007 წელს გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკამ- მოწადინებულებმა, განავითარონ და გააძლიერონ არსებული მეგობრული ურთიერთობები, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის სფეროებში, იმ მიზნით, რათა ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრესს და გაზარდონ ორმხრივი სავაჭრო გაცვლების მასშტაბი- ერთმანეთთან შეთანხმება დადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი