ახალი ამბები

პაატა კვიჟინაძე: არ შეიძლება ალაზნის ველზე 8 ათასი ჰექტარი მიწა უცხოელებზე იყოს გაყიდული

21 დეკემბერი, 2016 • 3818
პაატა კვიჟინაძე: არ შეიძლება ალაზნის ველზე 8 ათასი ჰექტარი მიწა უცხოელებზე იყოს გაყიდული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის,  პაატა კვიჟინაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვას მხარს უჭერს, თუმცა მიიჩნევს, რომ რეგულაციების დაწესებაა საჭირო.

“ქართული ოცნება მხარს უჭერს მიწის [უცხოელებზე] გაყიდვას, ოღონდ რეგულაციებით. არ შეიძლება ისე, როგორც თქვენ, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ გააკეთეთ, ვისაც უნდა და რაც უნდა, იყიდოს და გაყიდოს, ეს არის წარმოუდგენელი. არ შეიძლება, ალაზნის ველზე, მარტო სიღნაღის რაიონში რვა ათასი ჰექტარი იყოს უცხოელებზე გაყიდული. ყველა ქვეყანას აქვს რეგულაცია. კი, ბატონო, გაიყიდოს, მაგრამ ხელი იმ ხალხს შევუწყოთ, ვინც ინვესტიციას ჩადებს, ვინც განათლებულია, ვინც ქვეყანას სიკეთეს მოუტანს და ა.შ.” – აღნიშნა კვიჟინაძემ.

2013 წელს საქართველოს პარლამენტმა უცხოელებზე მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა, ხოლო 2014 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.

ამჟამად პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტია ინიცირებული, რომლის თანახმად, უცხოელი მოიპოვებს საკუთრების უფლებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, თუ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობის გზით; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი.

განქორწინების/კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელი ინარჩუნებს წილს თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, თუ ის აკმაყოფილებს უცხოელის მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის ამავე კანონით განსაზღვრულ პირობებს; გააჩნია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი