ახალი ამბები

სოფო კილაძე: ჟურნალისტის ცემის გამოძიებაზე საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება

21 დეკემბერი, 2016 • 2350
სოფო კილაძე: ჟურნალისტის ცემის გამოძიებაზე საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჟურნალისტების ცემის ფაქტები  საქართველოში აღარ განმეორდეს. ამის შესახებ სოფო კილაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

სოფო  კილაძის განმარტებით, გამოძიების მიმდინარეობაზე შინაგან საქმეთა მინისტრს ესაუბრა:

“მისი პოზიციაა, რომ ნამდვილად უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული მათ მიმართ, ვინც დაარღვევს კანონს, მათ შორის, რა თქმა უნდა, პოლიციაშიც, და არ ექნება ადგილი ხელის დაფარებას, განსხვავებით 2012 წლამდე არსებული ვითარებისგან, როდესაც ვიცით ჩვენ  უამრავი სისტემური ფაქტი, როდესაც ხდებოდა პოლიციელის დანაშაულებრივ ქმედებებზე ხელის დაფარება და ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია”.

დეპუტატის განმარტებით, პროცესზე საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება, რათა პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართოს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

ჟურნალისტ გიორგი გასვიანის თქმით, შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა და მისმა ორმა თანმხლებმა პირმა, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი კროუნ პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის 19 დეკემბერს შს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში სსიპ 112–დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის (ძალადობის) პირველი ნაწილით, თუმცა საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი