მწვანე ალტერნატივამ და პარტიზანებმა პარლამენტს ხეების ჭრის დარეგულიების ინიციატივით მიმართეს

მწვანე ალტენატივა და პარტიზანი მებაღეები პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ, რათა დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდეს.

მოქმედი კანონმდებლობით,  კერძო მესაკუთრე დაავადებული ხეების მოჭრის უფლებას თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მიმართვით მოიპოვებს და ჭრისთვის კომპენსაციას იხდის:

“ძალზე ხშირად, დაავადებული ხეების ნაცვლად, იჭრება ჯანსაღი ხეები, რის გამოც გამოუსწორებელ ზიანი ადგება გარემოს და ადამიანთა ჯანმრთელობას. მიგვაჩნია, რომ უნდა გამკაცრდეს და საჯარო გახდეს ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემის პროცედურა, ასევე, ხეების მდგომარეობის შეფასების პროცესი. გადაუდებელი შემთხვევაში ხეების მოჭრის აუცილებლობისას დეტალურად უნდა დასაბუთდეს გადაუდებელი აუცილებლობა და მოხდეს დანაკარგის სრული კომპენსაცია (მათ შორის, ფულადი, სანაცვლო ხეების დარგვა-მოვლის და სხვა სახით).ხეების მოჭრაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა წარიმართოს საჯარო ადმინსტრაციული წარმოების წესით.”

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ეს შესაძლებლობა ხელს შეუწყობს ბიზნესის სტიმულირებას და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამავე განცხადების თანახმად, ეს წინადადება ასევე მნიშნელოვნად დაეხმარება ქალაქის შესაბამის ორგანოებს თავისი ფუნქციის ჯეროვნად შესრულებაში, რაც, საბოლოო ჯამში, მუნიციპალურ ხარჯებს დაზოგავს:

“ამასთან, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი ქალაქის ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში ჯანსაღი ხეების მოჭრის მიმართ. მოგეხსენებათ, თბილისში პარკების, ბაღებისა და გამწვანების საერთო ფართობი ძალზედ მცირეა განაშენიანებული რაიონებისა და ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით. ქალაქში, სადაც 1,5 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, გამწვანებული ადგილი ერთ მოსახლეზე 15 კვადრატულ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, თბილისის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 13 კვადრატულ მეტრს არასოდეს აღემატებოდა (1983 წლის მონაცემი), 2001 წელს ეს მონაცემი ბევრად ნაკლები იყო და ერთ მოსახლეზე 5,6 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. დღეს განახლებული მონაცემები არ არსებობს. თუმცა მწვანე საფარის შემცირების ტენდენცია თვალსაჩინოა და ძალზედ შემაშფოთებელია დედაქალაქის ყველა მაცხოვრებლისა და სტუმრისთვის.”

საკანონმდებლო წინადადების ავტორები პარლამენტს მოუწოდებენ, ეს ინიციატივა ისეთივე დაჩქარებული წესით განიხილონ, როგორც “m²” -ის ინიციატივა დაავადებული ხეების ჭრაზე.

M²-მა პარლამენტს მიმართა საკანონმდებლო წინადადებით, რომელიც დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებლის გაუქმებას ითვალისწინებს.  სამშენებლო კომპანია “m²”–მა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სპეციალური წერილით მიმართა და ხეების მოჭრისთვის მოსაკრებლის გაუქმების შესახებ რეგულაციების შეცვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს  “m² უძრავი ქონების” საკანონმდებლო წინადადების საკონმდებლო ინიციატივად ქცევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თემაზე კანონპროექტს კომიტეტი მოამზადებს და პარლამენტი განიხილავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.