42483

საქართველოს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე – ჩანაწერი ოფიციალურ განცხადებაში

“ასოცირების შეთანხმება არ წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების საბოლოო მიზანს და ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების პატივისცემის პირობებში, საქართველოს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისათვის”, – ეს ციტატა მოყვანილია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეების, თამარ ხულორდავასა და საჯად კარიმის ერთობლივი განცხადებიდან, რომელიც მედიას გააცნეს.

თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი © პარლამენტის პრესსამსახური

თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი © პარლამენტის პრესსამსახური

თამარ ხულორდავას თქმით, ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, იმ მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავეს, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში დგას.

„ასოცირების შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში, თუმცა ეს არ არის ჩვენი ამბიციების მწვერვალი, ეს არ არის ბოლო გაჩერება ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ჩვენ უფრო შორს მიმავალი გეგმები გვაქვს, ვიდრე ის რეალობაა, რასაც ასოცირების შეთანხმება უკვე გვაძლევს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

აქვე უცვლელად გთავაზობთ ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებას სრულად:

ერთობლივი განცხადება

ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი მესამე სხდომა

2016 წლის 19-20 დეკემბერი

2016 წლის 19-20 დეკემბერს თბილისში, საქართველოს პარლამენტის მხრიდან თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტის მხრიდან საჯად კარიმის თანათავმჯდომარეობით, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა. ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, რომელიც ასოცირების შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ერთობლივი ორგანოა, უზრუნველყოფს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის საპარლამენტო ზედამხედველობას და მისი სხდომები იმართება წელიწადში ორჯერ.

2016 წლის ოქტრომბრის არჩევნებისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მესამე სხდომის შემდეგ ეს იყო ორი პარლამენტის პირველი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა საპარლამენტო ურთიერთობის განახლებას, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში მიღწევებისა და გამოწვევების ზედამხედველობასა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობების განხილვას.

ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დეგელაციის დასკვნას 8/30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნავს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში, ფუნდამენტური თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო, რამაც ქართველ ხალხს საკუთარი ნების გამოხატვის სრული შესაძლებლობა მისცა. ამავე დროს, თანათავმჯომარეებმა მოუწოდეს მონაწილე მხარეებს, სრულად გაითვალისწინონ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODHIR) რეკომენდაციები, რომელიც აისახება დასკვნით ანგარიშში, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საარჩევნო პროცესი.

ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეები მიესალმნენ დეკემბერში მიღწეულ წინსვლას საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით. თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესია, რაც საქართველოს მიერ დასახული ამოცანების შესრულებისა და ევროპარლამენტის ურყევი მხადაჭერის შედეგია. ამვდროულად, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მიღწეულ შეთანხმებას დროულად დაამტკიცებს ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო და მიესალმნენ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის პირობას, წერილობით დაადასტუროს, რომ საბჭო ყველაფერს გააკეთებს პროცესის დასაჩქარებლად.

2016 წლის 1 ივლისს ასოცირების შეთანხმების ამოქმედების გათვალისწინებით, თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ასოცირების შეთანხმება არ წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების საბოლოო მიზანს და ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების პატივისცემის პირობებში, საქართველოს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისათვის.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროპარლამენტის მხარდაჭერა.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ 2 დეკემბერს გამართულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მესამე სხდომასა და ევროკომისიისა და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პირველ ერთობლივ ანგარიშს ასოცირების შეთანხმების განხორციელების თაობაზე. თანათავმჯდომარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისა და იმის თაობაზე, რომ ბიზნეს-გარემოს მხრივ საქართველო ნამდვილი ლიდერია რეგიონში და განაგრძობს სფეროს გაუმჯობესებას.

კომიტეტის თანათავმჯდომარეები გამოეხმაურნენ საქართველოში, ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებას, მოიწონეს საქართველოს ძალისხმევა ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს მთავრობის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სტრატეგიის (2014-2017) განხორციელების მიმართულებით და ხაზი გაუსვეს ანტიდასავლური პროპაგანდის საპასუხოდ ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის საქმიანობის სამომავლო მიმართულებად განისაზღვრა ასოცირების დღის წესრიგის (2017-2020) განხორციელებაზე ზედამხედველობა. საკითხების სპექტრი, სხვებთან ერთად, მოიცავს:

გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობა, დამოუკიდებლობა, ეფექტიანობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა. გაგრძელდეს სისხლის სამართლის რეფორმა;

შენარჩუნდეს ძალისხმევა არასათანადო მოპყრობისა და წამების თავიდან ასაცილებლად;

განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ბავშვთა უფლებების დაცვას;

გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები შრომითი ინსპექციის სრულყოფილ, ეფექტურ მექანიზმად ჩამოყალიბებისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;

გადაიდგას ნაბიჯები ხელისუფლების ყველა შტოში დაბალანსებული გენდერული წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად;

ვინაიდან მედიაპლურალიზმი ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა, გაძლიერდეს მედიის მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა, მედიის დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი, და მოხდეს აუდიო-ვიზუალური კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესასაბამისობაში მოყვანა.

ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში და მიესალმნენ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში ანგარიშვლადებულებისა და გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ხელისუფლების მზაობას.

ქალბატონმა ხულორდავამ და ბატონმა კარიმმა აღნიშნეს საქართველოს პარლამენტის მნიშვნელოვანი როლი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასა და შეთანხმების განხორციელების პროცესზე პოლიტიკურ ზედამხედველობაში. ისინი მიესალმნენ 2016 წლის დეკემბერში ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ჩართვას დემოკრატიის მხარდაჭერის ყოვლისმომცველ ინიციატივაში და ორ პარლამენტს შორის ურთიერთკავშირის გაძლიერებისა და ერთმანეთისთვის საუკეთესო გამცდილების გაზიარების იმედი გამოთქვეს.

მხარეები შეთანხმდნენ მომავალ საპარლამენტო ღონისძიებებზე. ევროკავშირი– საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მომდევნო, მეოთხე სხდომა გაიმართება სტრასბურგში 2017 წლის 15-16 თებერვალს.


ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განცხადების გაკეთება შეუძლია, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების კომიტეტის პირველი ორი სხდომის განცხადებებშიც გვხვდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com