ახალი ამბები

ბერლინში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

21 დეკემბერი, 2016 • 1906
ბერლინში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ISIS-მა მასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო Amaq-ის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ “თავდასხმა მისმა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა” განახორციელა. თუმცა ISIS-ს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება- წერს BBC.

გერმანიის პოლიციამ გაათავისუფლა ეჭვმიტანილი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით ჰყავდა დაკავებული. პოლიციის განცხადებით, არ არსებობს ამ ეჭვმიტანილის მომხდართან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება.

პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელი შესაძლოა მარტო არ მოქმედებდა. ამასთან, გერმანიაში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი, რომელსაც ახლა სამართალდამცვეელბი ეძებენ, სავარაუდოდ, შეიარაღებულია.

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანა 20 დეკემბერს შევარდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა. BBC-ის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლო ან ავღანელი, ან პაკისტანელია, რომელიც თავშესაფრის მაძიებლად იყო რეგისტრირებული.

ბერლინის პოლიციის პრესსპიკერმა გერმანულ გაზეთ  die Welt-თან საუბრისას განაცხადა, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი მას შემდეგ დააკავეს, რაც მანქანა დატოვა და ფეხით გაიქცა. პოლიციის ცნობით, მძღოლი პარკისკენ გაიქცა და მას თვითმხილველი დაედევნა, რომელმაც დაახლოებით 2 კმ მანძილზე სდია, ბოლოს კი Victory Column ძეგლთან დაინახა, რის შემდეგადაც პოლიცია გამოიძახა.

პოლიციამ დაადასტურა, რომ ერთი ადამიანი სატვირთო მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მათი თქმით, იგი პოლონეთის მოქალაქეა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სატვირთო მანქანას თავდაპირველად ის ატარებდა და საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელმა გაიტაცა. არიელ ზურავსკი, რომელიც ასევე პოლონელია და სატვირთო მანქანის მფლობელია, ადასტურებს, რომ მისი მძღოლი ორშაბათის მერე მიუწვდომელია და არ გამოჩენილა.

პოლიცია მომხდარს როგორც შესაძლო ტერორისტულ აქტს, ისე იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი