ახალი ამბებისაზოგადოება

რამდენად (არ) სრულდება გარემოს დაცვაზე ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებები

21 დეკემბერი, 2016 • 6814
რამდენად (არ) სრულდება გარემოს დაცვაზე ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებები

არასამთავრობო ორგანიზაციის “მწვანე ალტერნატივა” ანგარიშის თანახმად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ამ დრომდე ვერ შეძლო ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დიდი ნაწილის შესრულება.

ორგანზიაციაში აცხადებენ, რომ სამინისტრომ ვერ შეძლო ხელშესახები შედეგების ჩვენება 2014-2015 წლებში. ასოცირების შეთანხმების ეროვნული სამოქმედო გეგმებისა (2014-2016 წლების) ანალიზი კი აჩვენებს, რომ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ჰარმონიზებისთვის მუშაობა დაწყებულია, მაგრამ საბოლოოდ არც ერთი კანონპროექტია მიღებული.

“მათ შორის, ისინიც, რომლებიც გეგმის თანახმად, უკვე მიღებული, ან სულ მცირე წარდგენილი მაინც უნდა იყოს პარლამენტში განსახილველად. ეს მდგომარეობა აბრკოლებს შესაბამის სფეროებში რეფორმის გატარებას,” – ვკითხულობთ ანგარიშში.

“მწვანე ალტერნატივამ” 2016 წელს გარემოს დაცვის კუთხით გატარებული ღონისძიებები შეაფასა და შესრულების დონეს შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი მიანიჭა:

გარემოს დაცვის კუთხით საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებების პროცენტული მაჩვენებელი. წყარო: ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" კვლევა

გარემოს დაცვის კუთხით საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებების პროცენტული მაჩვენებელი. წყარო: ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” კვლევა

გარემოს დაცვის საკითხების ინტეგირერება სხვა სექტორებში

2014-2016 წლების ასოცირების დღის წესრიგის მეორე ეროვნული პროგრამით საქართველოს აქვს აღებული პროგრამის სრულად შესრულების ვალდებულება. პროგრამის თანახმად, ქვეყანა ვალდებულია მოახდინოს გარემოს დაცვის საკითხების ინტეგრირება სხვა სექტორების პოლიტიკაში. თუმცა კვლევა უჩვენებს, რომ 2016 წელს საქართველომ ამ საკითხის შესრულება მხოლოდ 19,6%-ით შეძლო, რაც არ განსხვავდება წინა წლების მაჩვენებლებისგან.

ორგანზიაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, ქვეყანას გააჩნდეს სახელმწიფო გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რადგან გარემოს დაცვის საკითხებს განყენებულად ვერ განვიხილავთ. ასეთი დოკუმენტი კი არც არსებობს და არც სამომავლოდ გეგმავს სახელმწიფო მის მისაღებად მუშაობის დაწყებას. სხვაგვარად გარემოს დაცვის სფეროში განხორციელებული ქმედებები არ იქნება ეფექტური. ქვეყანას დადგენილი უნდა ჰქონდეს თავად გარემოს დაცვაში პოლიტიკის მიზნები, ამოცანები და პრიორიტეტული მიმართულებები.

როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ქეთევან გუჯარაიძე აცხადებს, ერთიანი პოლიტიკის არარსებობასთან ერთად, საქართელოში სხვადასხვა სფეროს პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში დასახულია ისეთი მიზნები და პრიორიტეტები, რომლებსაც შესაძლოა მოჰყვეს მნიშვნელოვანი პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე.

გუჯარაიძის თქმით, მაშინ, როდესაც პოლიტიკის დოკუმენტებით განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელებას, მაგალითად, გზების გაყვანას ან ჰიდრო-რესურსების ათვისებას შეიძლება გარემოს ფიზიკური ცვლილებები მოჰყვეს, ამის საპირწონედ დოკუმენტებში მოცემული გარემოსდაცვითი პრიორიტეტები უმეტესად მხოლოდ გარემოსდაცვითი მართვის ინსტრუმენტების დახვეწას ეხება და არა უარყოფითი ეფექტების თავიდან აცილებას. მკვლევრები პოლიტიკის დოკუმენტებში ასევე ვერ შეხვდნენ ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება, დაბინძურებული, დეგრადირებული ტერიტორიების რეაბილიტაცია.

“არა მხოლოდ პოლიტიკის დაგეგმვა არ ხდება და ძალიან სუსტია მასში საზოგადოების ჩართულობა, არამედ არ არსებობს ასევე შემდეგი მონიტორინგის სისტემა, რათა შეფასდეს, როგორ სრულდება გარემოს დაცვის საკითხებში აღებული ვალდებულებები. შეფასებისა და მონიტორნგის სისტემის ინსტრუმენტები არ არსებობს. არ არსებობს რეგულაციები, რომლებიც დაავალებდა კონკრეტულ სტრუქტურებს, რომ აიღონ ეს საკუთარ თავზე,” – აცხადებს ქეთევან გუჯარაიძე.

ჯუგარაიძე აუცილებლად მიიჩნევს, რომ დროულად დასრულდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტის შემუშავება და კანონპროექტი უნდა გადაეცეს პარლამენტს განსახილველად. ასევე, გაჭიანურდა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) შემუშავება, რომელსაც ამ დრომდე ამზადებს გარემოს დაცვის სამინისტრო.

ბიომრავალფეროვნება და ტყის მართვა

კვლევაში ამ ეტაპზე ბიომრვაფეროვნებამ და ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებულმა საკითხებმა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 46% დააფიქსირა, მაგრამ გარემოსდაცმველები კვლავ მრავალ პრობლემას ხედავენ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში.

გარემოს დაცვის სამინისტრომ “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ” ეროვნული კანონმდებლობის შემუშავება 2015 წლიდან დაიწყო, თუმცა, კვლევის თანაავტორის, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, კანონპროექტი ხარვეზიანი იყო. ამის შემდეგ სამინისტრომ განახლებულ ვერსიაზე დაიწყო მუშაობა, თუმცა ვერც ამ შემთხვევაში მივიდნენ დაინტერესებული მხარეები კონსენსუსამდე.

“კანონპროექტის მთავარი ნაკლი ის იყო, რომ მასში არ შედიოდა ნადირობისა და თევზჭერის საკითხები და გაუგებარი იყო, დარჩებოდა თუ არა მოქმედი კანონმდებლობა. ამის შემდეგ სამინსტრომ დაიწყო ნადირობის შესახებ კანონზე მუშაობა, მაგრამ დაინტერესებული მხარეები ვერ მივიდნენ კონსენსუსამდე და გაუგებარია, თუ დარჩება ეს საკითხები ჰაერში გამოკიდებული,” – ამბობს მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილი დადებითად აფასებს სამინსიტროს ქმედებებს ფრინველთა დაცვის კუთხით. GIZ-ის დახმარებით აღინუსხა ის სახეობები, რომლებიც კონსერვაციას საჭიროებენ. განახლდა ფრინველთა ნუსხა ევროკავშრიის დირექტივების შესაბამისად.

უფრო რთულია ვითარება “ტყის კოდექსის” შემუშავების პროცესში. ექსპერტები ამბობენ, რომ კანონის მიღების პროცესში, მართალია, სამინსიტრომ მათი ბევრი შენიშვნა გაითვალისწინა, თუმცა რჩება საკითხები, რომლებზეც პოზიციების შეჯერება ვერ ხდება. კანონში გამოყენებული ტყის განმარტება შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, მაგრამ არა ტყის გამოყენების, მოპოვებისა და ტყეში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხები. კვლევის თანახმად, ხშირ შემთხვევაში ისინი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გარემოსდაცვით დირექტივებთან.

გარემოს დაცვის სამინისტროს ჯერ არ შეუქმნია სატყეო მონიტორინგის სისტემა და სატესტო ვერსიის ჩამოყალიბების სამუშაოებიც გადავადდა.

ატმოსფერული ჰაერის გამოწვევები

გარემოს დაცვის მეორე ეროვნული პროგრამის თანახმად, საქართველოს ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად 2012 წლიდან 5-წლიან პერიოდში რამდენიმე კონკრეტული შედეგისთვის უნდა მიეღწია: უნდა გაფართოებულიყო მონიტორინგის ქსელი და ეტაპობრივად შემცირებულიყო სამეწარმეო და საავტომობილო გაფრქვევა. თუმცა ორგანიზაციის “მწვანე ალტერნატივა” კვლევის თანახმად, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხი კვლავ მაღალია, ხოლო კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებსაც კი არ უახლოვდება.

კვლევის ავტორთა განცხადებით, 2014-2016 წლებში მთავრობამ ვერ მოახერხა, სრულად შეესრულებინა მეორე გარემოსდაცვითი ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის და ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების უმრავლესობა არ განხორციელებულა.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, მანანა ქოჩლაძის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო არასრულყოფილად აგროვებს ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების ხარისხის შესახებ, რომელიც საგანგაშოა, ხოლო საწვავის ხარისხის მონიტორინგი სტრუქტურიზებული ფორმით ამ დრომდე არ ხდება. ასევე არ მცირდება შეშის მოხმარებაც, რაც დიდწილად განაპირობებს ჰაერის შიდა დაბინძურებას. ჰაერის ხარისხის კონტროლის შედეგები კი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი არ არის.

“ასევე არ ხდება ავტომატურ სადგურებზე შეგროვებული მონაცემების რეალურ დროში საზოგადოებისათვის მიწოდება. თუ მონიტორინგი უჩვენებს, რომ სექტემბერში, 9 დღის განმავლობაში, წერეთლის გამზირზე მომატებულია ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა და ამის შესახებ მე ვერ ვიგებ და არ ვიცი, რომ ბავშვი ქუჩაში არ უნდა ვასეირნო, რა მნიშვნელობა აქვს ამ ინფორმაციის ქონას?” – ამბობს ქოჩლაძე.

ორგანიზაცია სამინიტროს რეკომენდაციებით მიმართავს და ჰაერის დაბინძურების რისკების შესამცირებლად მოუწოდებს, შეიმუშაოს სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც დაეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია განხოციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • გაძლიერდეს ტექნიკური შესაძლებლობები ჰაერის მონიტორინგის, ანალიზისა და ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის კუთხით;
  • მონიტორინგის შედეგები რეალურ დროში, ავტომატურად უნდა აისახებოდეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე;
  • გაძლიერდეს სამინსიტროს როლი და შესაძლებლობები, რათა უწყებამ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისას განსაზღვროს საუკეთესო ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებითაც მეწარმემ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება შეიძლება შეამციროს;
  • ავტოტრანსპორტიდან ჰაერის დაბინძურების მიზნით, მიზანშეწონილია ომპორტზე სააქციო გადასახადის იმგვარად შეცვლა, რომ წახალისდეს უფრო ეკონომური ავტომობილების იმპორტი;
  • ადილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა შეიმუშაონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის მექანიზმების ისეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ეს პრობლემა მწვავედ დგას;

რა პასუხი აქვს სამინისტროს ორგანიზაციის შენიშვნებზე?

20 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანაგარიშის პრეზენტაციას გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგებლებიც დაესწრნენ, რომლებმაც განმარტეს, რომ ხშირ შემთხვევაში კანონმდელობის ჰარმონიზაციის პროცესი ხანგრძლივდება, რადგან დირექტივების გათვალისწინებით შესაბამისი ეროვნული რეგულაციების შემუშავებაა საჭირო, ჰარმონიზება კი მათ პირდაპირ კანონმდებლობაში ასახვას არ გულისხმობს. ასევე, უმეტესად ხელშეკრულების პირობები ზოგადია.

მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის სამმართველოს უფროსი გიზო ჭელიძე დიდწილად იზიარებს “მწვავე ალტერნატივის” ანგარიშში წარმოდგენილ შენიშვნებს. ჭელიძე ამბობს, რომ სამინისტრო ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად აგრძელებს კანონპროექტებზე მუშაობას და ეროვნულ საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანილი რეგულაციები ამოქმედდება:

“დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ არ ვართ ვალდებული, რომ ჩვენი კანონმდებლობა 100%-ით შეესაბამებოდეს ევროკავშირისას. ჰარმონიზაცია დაახლოებით გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა, მაგრამ არა სრულად, მინიმუმ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ჰარმონიზაცია გაძლევს საშუალებას, რომ ქვეყანამ ევროპულ დონეზე დაარეგულიროს სფერო ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ.

ჰარმონიზაციის დროს რომ არაფერი დაირღვეს, ამისათვის აუცილებელია, რომ პროცესში ჩართული იყოს ამ სფეროს მოწვეული ექსპერტი. დაუსრულებლად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად შეესაბამება კანონები და ეს იქნება იურიდიული კუთხით მსჯელობა. ევროკავშირი შესაბამისობით დადგენის კუთხით ძირითად კანონს გადახედავს და დანარჩენი კანონი რამდენად შეესაბამება ეროვნულ საჭიროებებს, ეს თავად უნდა გადავწყვიტოთ.”

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ასევე აცხადებს, რომ სატყეო პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში სამინისტრო ევროპის საუკეთესო პრაქტიკით ხელმძღავნელობს, თუმცა არსებობს ბევრი საკითხი, რასაც ეროვნული საჭიროებებიდან გამომდინარე ვერ გავითვალისწინებთ.

“ტყის მიმართულებით არის ევროკავშირის კანონმდებლობა, რომელიც არც კი შეიძლებოდა ჩვენ ერთი-ერთზე ან დიდწილად გადმოგვეღო. რაც საუკეთესო იყო, ჩვენ ის გავითვალისწინეთ. ქართული რეალობიდან გამომდინარე არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც პრინციპულად არ უნდა გავითვალისწინოთ: ეს არის ჩვენი რელიეფიდან, სოციალური საჭიროებებიდან გამომდინარე,” – ამბობს ამირგულაშვილი.

“მწვანე ალტერნატივის” საჯარო პოლიტიკის ნარკვევი ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებ-გვერდზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი