ახალი ამბები

10 საშობაო ბაზრობა თბილისში, სადაც საახალწლო საჩუქრებს შეიძენთ

21 დეკემბერი, 2016 • 9790
10 საშობაო ბაზრობა თბილისში, სადაც საახალწლო საჩუქრებს შეიძენთ

წინასაახალწლოდ თბილისში დაგეგმილია საშობაო ბაზრობები, სადაც საახალწლო საჩუქრების შერჩევასთან ერთად მუსიკის მოსმენისა და გამოფენების დათვალიერებასაც შეძლებთ.

ბაზრობების უმეტესობა ახალი წლის წინა კვირაში, 24-25 დეკემბერს ჩატარდება.

თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 23-25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ლადო გუდიაშვილის 7) გაიმართება.

ფესტივალზე საქართველოში მოქმედი 25-მდე გამომცემლობა იქნება წარმოდგენილი, რომლებიც, ორგანიზატორების განცხადებით, “უპრეცედენტო ფასდაკლებებს” გვპირდებიან. ფასდაკლებების შესახებ გამომცემლობების კატალოგები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მაგალითად, გამომცემლობის “წიგნები ბათუმში” რეი ბრედბერის “მარსის ქრონიკას” 21.9 ლარის ნაცვლად 15 ლარად შეიძენთ, ჯოჯო მოიესის “მე, შენამდე” კი 17,9 ლარის ნაცვლად 12 ლარი ეღირება.

გამომცემლობა” დიოგენეს” უმბერტო ეკოს “პრაღის სასაფლაო” 15.90 ლარის ნაცვლად 10 ლარი ეღირება, ხოლო პატრიკ ზიუსკინდის “სუნამო”  11.90 ლარის ნაცვლად – 8 ლარი.

ფასდაკლებები აქვს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასაც. მაგალითად, ილუსტრატორ მანუელა ადრიანის მიერ გაფორმებული “ელისი საოცრებათა ქვეყანაში” შეგიძლიათ 25.90 ლარის ნაცვლად 9 ლარად შეიძინოთ.

ფესტივალზე დაგეგმილია ახალი წიგნების წარდგენა და კონცერტიც. ღონისძიებების სრულია სია ნახეთ აქ.

24 დეკემბერს, 12:00-დან 20:00-საათამდე, საშობაო ფესტივალი  “ბულბული მარკეტი” გაიმართება (კულტურის ცენტრი “მუზა”, კუს ტბის ასახვევი). მარკეტზე შესვლა 5 ლარი ეღირება.

“ბულბული მარკეტზე” წარმოდგენილი იქნება “სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეული სასაჩუქრე ნივთები, მათ შორის, ჩანთები, ხელოვნების ნიმუშები, სამკაულები, დღიურები, სუვენირები, თავის მოვლის საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები”.
მარკეტის გარდა, ორგანიზატორების თქმით, გაიმართება ღვინის დეგუსტაცია, საბავშვო გასართობი პროგრამა, საშობაო ლატარეა, ცეკვა, მუსიკა და ა.შ.
საშობაო "ბულბულიმარკეტზე" შესვლა 5 ლარი ეღირება

საშობაო “ბულბული მარკეტზე” შესვლა ფასიანია და ის 5 ლარი ეღირება.

საშობაო ბაზრობას უმასპინძლებს “ფაბრიკაც” (ე. ნინოშვილის N8) . ბაზრობა 24 დეკემბერს, 12:00-დან 20:00-მდე გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია. სრული პროგრამა ნახეთ აქ.
“გვინდა გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი საახალწლო განწყობა, საყვარელი ადამიანებისთვის შევიძინოთ განსაკუთრებული საჩუქრები და მეგობრებთან ერთად გავატაროთ შესანიშნავი დრო,”- აცხადებს “ფაბრიკა”.
საშობაო ბაზრობა "ფაბრიკაში"

საშობაო ბაზრობა “ფაბრიკაში”

25 დეკემბერს, 26 საათზე “არტარეა” დედაენის ბაღში საშობაო ბაზრობას გამართავს, სადაც 50-მდე ორგანიზაცია ან ინდმეწარმე მიიღებს მონაწილეობას. აქ შეგეძლებათ შეიძინოთ სათამაშოები, ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, სამკაულები წიგნებიდ ა.შ. ორგანიზატორების განცხადებით, ეს “ყველაზე მასშტაბური” საშობაო ბაზრობა იქნება. გარდა ბაზრობისა, დაგეგმილია “Winter Dreams Exhibition” (19:00 საათზე) ,  სადაც მონაწილეობას მიიღებენ ლია ბაგრატიონი – თიხის ხე, Dreams By Chubika, გიორგი მაღრაძე – In-light Chairs, გიორგი მაჩაიძე – Difference Engine.

საშობაო ბაზრობის მონაწილეთა სრული სია და დაგეგმილი ღონისძიებები ნახეთ აქ.
საშობაო არტარეა დედა ენის ბაღში

საშობაო არტარეა დედა ენის ბაღში

24 დეკემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე მზიურის კაფეში (ახალი მზიური, მდინარე ვერეს ხეობა) GIPA-ს ყოველწლიური საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტების ხელნაკეთი ნივთები. ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. კერძოდ, GIPA-ს სტუდენტები დაეხმარებიან ბავშთა სახლ „ცისარტყელას“.
15390911_1173316532737421_6543084407657303974_n
25 დეკემბერს, 12:00 საათზე ფაბრიკაში (ე. ნინოშვილის N8) Tbilisi Flea market (თბილისის “ძველმანების ბაზრობა”) გაიმართება..
“ახალი წლის დასაწყებად ყველა ეძებს ლამაზ და საინტერესო ნივთებს. მათ საყიდლად და საახალწლო გარემოს შესაქმნელად Flea Market-ზე სასარგებლო ადგილი არ არსებობს,”- აცხადებენ ორგანიზატორები.
ბაზრობაზე მონაწილეობის მიღება და ნივთების გაყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
თბილისის ძველმანების ბაზრობა

თბილისის ძველმანების ბაზრობა

26 დეკემბერს, 14:00-დან 17:00 საათამდე რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის შენობის წინ (ზაქარია ფალიაშვილის 42) პროგრამა “ანი-zet ” ტრადიციულ საქველმოქმედო აქციას – საშობაო ბაზრობას გამართავს. გასაყიდად მოსწავლეების მიერ დამზადებული ორგინალური ხელნაკეთი ნივთები იქნება წარმოდგენილი.
“გეპატიჟებით ყველას, ვისაც საშობაოდ მხიარული განწყობა და ქველმოქმედების დაბედება გსურთ,”- აცხადებს სასწავლებელი.
15400993_1534150776613636_8478050197696238638_n
24 დეკემბერს საშობაო ბაზრობა გაიმართება “შუმბა ლენდში” (ვაკის პარკი, ჭავჭავაძის გამზირი 76), ასევე, დაგეგმილია საბავშვო გასართობი ღონისძიებები.
15665614_381379022199249_6113093319314117554_n
24- 25 დეკემბერს (შაბათ-კვირას), 11:00 დან 17:00 საათზე ბუკიას ბაღში მოეწყობა საახალწლო ბაზრობა “ელკანას”ორგანიზებით, სადაც “თუშური ბრენდის” პროდუქცია გაიყიდება.
“შეგიძლიათ შეიძინოთ და ადგილზე დააგემოვნოთ ტრადიციული საახალწლო სამზარეულო: გუდის ყველი, “ალუდი”, კოტორი , ბექთ ქონდარა, ცხელ-ცხელი არაყი, ყაღი, კალტის კვერი და ბევრი გემრიელი რაღაც-რაღაცები… შეგიძლიათ შეიძინოთ ხელნაკეთი ნივთები, თბილი წინდები, ჩითები,”- აცხადებენ საახალწლო ბაზრობის ორგანიზატორები.
"თუშური ბრენდის პროდუქცია, რომელსაც 24-25 დეკემბერს ბუკიას ბაღში გაყიდიან

“თუშური ბრენდის პროდუქცია, რომელსაც 24-25 დეკემბერს ბუკიას ბაღში გაყიდიან

25 დეკემბერს გენერატორ 9.8-ში (ათონელის N29) საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება, შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდება მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საშობაო ნობათისა და საჩუქრების შეძენას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საახალწლო აქსესუარები, თექის ნამუშევრები, ნახატები, კერამიკა, ბიჟუტერია.
15591348_743930382425462_7568645655606100526_o

მასალების გადაბეჭდვის წესი