ახალი ამბები

სტრასბურგმა რუსეთს 2006 წელს საქართველოს მოქალაქის გამოძევების საქმეზე ჯარიმა დააკისრა

20 დეკემბერი, 2016 • 19527
სტრასბურგმა რუსეთს 2006 წელს საქართველოს მოქალაქის გამოძევების საქმეზე ჯარიმა დააკისრა

დღეს, 20 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დადგენილება მიიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) ორ საქმეზე, რომელიც შეეხება 2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან ქართველების გამოძევებასა და აღნიშნულ პროცესში მათ მიმართ განხორციელებულ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს.

საიას ცნობით, ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებლად ცნო თ. ტოგონიძის გარდაცვალების გამო და რუსეთს გარდაცვლილის მეუღლის სასარგებლოდ 40 000 ევროს და სამართალწარმოებისას გაწეული ხარჯის 1,944.78 ფუნტი-სტერლინგის გადახდა დააკისრა (Dzidzava v. Russia).

“სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ რუსეთის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა თ. ტოგონიძეს არ გაუწიეს სამედიცინო დახმარება, რაც შემდგომ მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. საიას მიერ წარდგენილი უცხოელი პათოლოგ-ანატომისტების დასკვნებით იკვეთება, რომ თ. ტოგონიძის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ფილტვების ანთება გახდა და ამ ფატალური შედეგის აცილება დროული ჰოსპიტალიზაციითა და ანტბიოტიკების გამოყენებით შესაძლებელი იქნებოდა,”- აცხადებს საია.

რაც შეეხება მეორე საქმეს, Chokheli and others v. Russia საია 11 პირის ინტერესებს წარმოადგენდა.

“ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნები 8 პირთან მიმართებით. ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ცნო მათი კოლექტიური გამოძევების, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის, უკანონო დაკავებისა და დაპატიმრების, სამართლებრივი დაცვის საშუალებების არქონის ნაწილში. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ სამ პირთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ რაიმე ტიპის უფლებათა დარღვევა არ დაადგინა, ვინაიდან სასამართლოს განმარტებით წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მათი დაპატიმრების და უცხოელთა დაკავების ცენტრებში ყოფნის ფაქტი,”- აცხადებს საია.

მასალების გადაბეჭდვის წესი