ახალი ამბები

ფეტულა გიულენი რუსეთის ელჩის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს

20 დეკემბერი, 2016 • 2987
ფეტულა გიულენი რუსეთის ელჩის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს

აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირი ფეტულა გიულენი ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას გმობს და მომხდართან რაიმე სახის კავშირს უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა პირმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან შესაძლოა ფეტულა გიულენის მოკავშირეები ყოფილიყვნენ, რადგან მკვლელი ამერიკაში მცხოვრები სასულიერო ლიდერის მიმდევარი იყო.  გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალური პირი, რომელმაც უარი თქვა ვინაობის გამხელაზე, აცხადებს, რომ გამოძიებამ ყურადღება გაამახვილა სოციალურ ქსელში მკვლელის კავშირებზე გიულენის მიმდევრებთან, რომელბსაც “გიულენისტების ტერორისტულ ორგანიზაციას” ან “ფეტოს” უწოდებენ.

როგორც Reuters წერს, ფეტულა გიულენი ბრალდებას გამოეხმაურა; სასულიერო პირმა ელჩის მკვლელობასთან რაიმე სახის კავშირი უარყო და მომხდარს “საზარელი აქტი” უწოდა.

თურქეთის მთავრობა ფეტულა გიულენს 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაშიც ადანაშაულებს, თუმცა სასულიერო პირი ამ ბრალდებასაც უარყოფს. გიულენმა თურქეთი 1999 წელს დატოვა და მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებში (პენსილვანიაში) ცხოვრობს.

ვიცეოჩანაწერში, რომელიც მკვლელობას ასახავს, მკვლელი გასროლის შემდეგ ყვირის: “არ დაგავიწყდეთ ალეპო, არ დაგავიწყდეთ სირია, ალაჰ აკბარ”.

რუსეთი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა. რუსეთის დარტყმები ეხმარება სირიის ჯარებს, რომ დაძლიოს მეამბოხეების წინააღმდეგობა. გასულ კვირას სირიის ჯარებმა რუსეთის დახმარებით ქალაქი ალეპო აიღეს.

22 წლის მკვლელი, რომელიც პოლიციის თანამშრომელი იყო, ორმხრივი სროლისას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს. ელჩის მკვლელის ლიკვიდაციის შემდეგ ასევე დააკავეს მისი ოჯახის წევრები.

მკვლელობის შემდეგ მალევე შედგა სატელეფონო საუბარი თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ ეს იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გასაფუჭებლად მოწყობილი პროვოკაცია. ვლადიმერ პუტინმა ერდოღანს გამოძიებაში რუსეთის ჩართვა მოითხოვა, რასაც თურქეთის პრეზიდენტი დათანხმდა. პუტინმა განაცხადა, რომ ამ მკვლელობის შემდეგ რუსეთი უფრო დიდი ძალით გააგრძელებს ტერორისტებთან ბრძოლას.

“პასუხი ამაზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი – ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერება- და დამნაშავეები ამას იგრძნობენ. რუსეთის ფედერაციის  საგამოძიებო კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის ფაქტზე. კომიტეტს დაევალა, ჩამოაყალიბოს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ დანაშაულს გამოიძიებს თურქ კოლეგებთან ერთად,” – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თურქეთში რუსეთის საელჩოს და  დიპლომატების დაცვა უნდა გაძლიერდეს და სთხოვა თურქულ მხარეს, უზრუნველყოს რუსეთის წარმომადგენლების დაცვა ქვეყანაში.

რუსეთის ელჩის ოჯახსა და რუსეთს მიუსამძიმრა დონალდ ტრამპმა; ოფიციალურმა ვაშინგტონმა თურქეთსა და რუსეთს გამოძიებაში დახმარება შესთავაზა, მანამდე კი ანკარაში აშშ-ის საელჩო დროებით დახურა.

ელჩის მკვლელობა დაგმო და მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც დღეს თურქეთში გაემგზავრა. პრემიერი “ევრაზიის გვირაბის” გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი