ახალი ამბები

პუტინი: ელჩის მკვლელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა

20 დეკემბერი, 2016 • 2110
პუტინი: ელჩის მკვლელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა

პუტინის სურვილია გაირკვეს, თუ ვინ დგას ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რომელიც მომხდარს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით არსებული წინსვლის  წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა. ვლადიმერ პუტინის შეფასებით, ანკარაში მომხდარი მკვლელობა სირიაში მშვიდობიანი პროცესების წინააღმდეგ მიმართული აქტია. პროცესების, რომელიც აქტიურად მიიწევს წინ რუსეთის, თურქეთის, ირანის და კონფლიქტის დარეგულირებით დაინტერესებული სხვა ქვეყნების  მონაწილეობით.

“პასუხი ამაზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი- ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერება და დამნაშავეები ამას იგრძნობენ. რუსეთის ფედერაციის  საგამოძიებო კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის ფაქტზე. კომიტეტს დაევალა, ჩამოაყალიბოს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ დანაშაულს გამოიძიებს თურქ კოლეგებთან ერთად” – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, გამოძიებაში რუსული მხარის ჩართულობის შესახებ თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიაღწია. მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თურქეთში რუსეთის საელჩოს და  დიპლომატების დაცვა უნდა გაძლიერდეს და სთხოვა თურქულ მხარეს, უზრუნველყოს რუსეთის წარმომადგენლების დაცვა ქვეყანაში.

დღეს, 19 დეკემბერს, თურქეთში, ქალაქ ანკარაში, რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს. გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც მკვლელობას ასახავს, ეჭვმიტანილი გასროლის შემდეგ ყვირის: “არ დაგავიწყდეთ ალეპო, არ დაგავიწყდეთ სირია, ალაჰ აკბარ”.

რუსეთი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა. რუსეთის დარტყმები ეხმარება სირიის ჯარებს, რომ დაძლიოს მეამბოხეების წინააღმდეგობა. გასულ კვირას სირიის ჯარებმა რუსეთის დახმარებით ქალაქი ალეპო აიღეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი