ახალი ამბები

კვირიკაშვილი: გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის გამო

19 დეკემბერი, 2016 • 1724
კვირიკაშვილი: გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას ემაურება:

“გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ თავდასხმის შედეგად თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის – ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამო. 21-ე საუკუნისთვის უპრეცედენტო ძალადობის და დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით და არასოდეს შევეგუებით ამ უკიდურეს სისასტიკეს. ჩვენი მიზანია მშვიდობა რეგიონში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სტაბილურობასა და განვითარებას,”- აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

დღეს, 19 დეკემბერს, თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს.

ელჩს ხელოვნების გალერეაში გამოფენაზე “თურქების თვალით დანახული რუსეთი” ვიზიტისას ესროლეს. კარლოვი სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მისი მიმართულებით სროლა განხორციელდა.

გავრცელებულ ვიდეოში მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი გასროლის შემდგ ყვირის: “არ დაგავიწყდეთ ალეპო, არ დაგავიწყდეთ სირია, ალაჰ აკბარ”.

რუსეთი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა. რუსეთის დარტყმები ეხმარება სირიის ჯარებს, რომ დაძლიოს მეამბოხეების წინააღმდეგობა. გასულ კვირას სირიის ჯარებმა რუსეთის დახმარებით ქალაქი ალეპო აიღეს.

ამ ეტაპზე ეჭვმიტანილის ვინაობა უცნობია. “ალ ჯაზირა” წერს, რომ ორმხრივი სროლისას თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი