ახალი ამბები

სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის რეგულაციის ამოქმედება შესაძლოა გადავადდეს

19 დეკემბერი, 2016 • 4665
სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის რეგულაციის ამოქმედება  შესაძლოა გადავადდეს

საქართველოს ხელისუფლებას სურს გადავადდეს  იმ რეგულაცის ამოქმედება, რომლის მიხედვით, სასამართლოს  სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვა შეუძლია დანიშნოს.

კერძოდ, დღეს მოქმედი ნორმით, ეს წესი 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ეს წესი 2018 წლის 1 იანვრიდან  ამოქმედდება. ეს ინიციატივა ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზეც.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დღეს, 19 დეკემბერს, პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა. განმარტებითი ბარათის თანახმად, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული პირი დროის უდიდეს ნაწილს ამ შენობაში ატარებს და მხოლოდ მცირე დროით აქვს დაწესებულების დატოვების უფლება.

ამასთან, სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის გამოყენება შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს, რადგან სასჯელაშრულების სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს, რომლის მიხედვით, უქმდება  თავისუფლების შეზღუდვა და მის ნაცვლად არასაპატიმრო სასჯელად შინაპატიმრობა განისაზღვრება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, თავისუფლების შეზღუდვის ნორმა 1999 წლიდან არსებობს, თუმცა სასამართლოები ვერ იყენებენ, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. განამრტების თანახმად, ამჟამად საქართველოში ერთი ასეთი დაწესებულება არსებობს, რომელიც პილოტურ რეჟიმში მოქმედებს და 100 მსჯავრდებულზეა გათვლილი:

“იმისათვის, რომ სასჯელის ეს სახე სრული დატვირთვით ამოქმედდეს, აუცილებელია მინიმუმ სამი [ქალთა, არასრულწლოვანთა და დასავლეთ საქართველოში სრულწლოვანთა] დაწესებულების შექმნა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოსაძიებელია საჭირო ფინანსები დაწესებულებების ასაშენებლად, აუცილებელი სპეციფიკური ინსფრასტრუქტურის მოსაწყობად და ამ დაწესებულების უწყვეტი ფუნქციონრიებისთვის,”  აღნიშნულია განამრტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი