imovies.ge და mivideo.ge

iMovies.ge-ის მფლობელი ITDC–ის წილების 51%-ს შეიძენს

iMovies.ge-ის მფლობელი “დიჯითალ ედსი” Myvideo.ge-ს მფლობელი კომპანიის წილებს შეიძენს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიებმა უკვე მიიღეს წინასწარი თანხმობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან. შპს „დიჯითალ ედსი“ შეიძენს როგორც სს „აიმუვის ჯის“ წილის დარჩენილ 40%-ს, ასევე, სს ITDC–ის წილის 51%-ს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, სს iMovies.ge-მ მიმართა და კომისიისგან მისი პარტნიორის – ფიზიკური პირის შოთა ჩლაიძის 40%-იანი წილის შპს „დიჯითალ ედსის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობა მოითხოვა.

“კომისიამ კომპანიების საქმიანობა და მათთან აფილირებული პირების შესახებ დოკუმენტაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ აღნიშნული ტრანზაქცია რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე ვერ მოახდენს, შესაბამისად, კომპანიებს წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა.” – აცხადებენ კომისიაში.

კომისიამ ასევე ITDC–ის წილის 51%-ის შპს „დიჯითალ ედსის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობა გასცა. ამ შემთხვევაშიც, კომისიაში აცხადებენ, რომ შპს „დიჯითალ ედსის“ მიერ ITDC-ის წილის 51%-ის შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის რომელიმე სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და კონკურენტული გარემო უცვლელი დარჩება.

8 დეკემბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ მხარეებს დროებით უარი განუცხადა, რადგან კომპანიები სარეკლამო შემოსავლებს კომისიაში არ ავსებდნენ. საკითხის შესწავლის მიზნით სხდომა მოგვიანებით ჩაინიშნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი