ახალი ამბები

ემზარ კვიციანი: სირიაში კანონიერ ხელისუფლებას უნდა დაუდგეს მთელი მსოფლიო გვერდში

19 დეკემბერი, 2016 • 8912
ემზარ კვიციანი: სირიაში კანონიერ ხელისუფლებას უნდა დაუდგეს მთელი მსოფლიო გვერდში

“[სირიაში] არის კანონიერი ხელისუფლება. იმას უნდა დაუდგეს მთელი მსოფლიო გვერდში, რომ სისხლი არ იღვრებოდეს. კადაფივით ასადის მოსპობაც მოინდომეს, არ გამოუვიდათ ეს და ამიტომ იღვრება დღემდე სისხლი იქ, 5 წელია”, – ეს განცხადება პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა გააკეთა დღეს, 19 დეკემბერს პარლამენტში.

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტს მოუწოდებს, სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება მიიღოს. გაცხადების პროექტი პარლამენტის ბიურომ დღეს დაარეგისტრირა. სწორედ ამ საკითხზე გააკეთა კომენტარი კვიციანმა:

“ნაციონალურ მოძრაობას ეს რომ 5 წლით ადრე გაეკეთებინა, როცა სირიაში ეს უბედურება დაიწყო… მე მახსოვს, ყოველთვის გასძახოდნენ ნაციონალები, რომ კანონიერი ხელისუფლებისთვის ხელის შეხება არ შეიძლება. იქ არის კანონიერი ხელისუფლება. იმას უნდა დაუდგეს მთელი მსოფლიო გვერდში, რომ სისხლი არ იღვრებოდეს. კადაფივით ასადის მოსპობაც მოინდომეს, არ გამოუვიდათ ეს და ამიტომ იღვრება დღემდე სისხლი, უკვე 5 წელია. რა თქმა უნდა, ყველა წინააღმდეგი ვართ, რომ ბავშვები იხოცებიან იქ და ეს არის საშინელება. თუ რამე შეგვიძლია იმისთვის, რომ სიტყვა შევაწიოთ ან საქმე გავაკეთოთ და შეწყდეს ეს სისხლისღვრა,  დიდი სიამოვნებით მივიღებდით მონაწილეობას”, – თქვა კვიციანმა.

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტს მოუწოდებს, სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება მიიღოს. განცხადების პროექტი პარლამენტის ბიურომ დღეს დაარეგისტრირა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა  თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს:

“განცხადებით  სოლიდარობას გამოვუცხადებთ სირიელ ხალხს. იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისში და კატასტროფაში იმყოფებიან. განცხადებაში ხაზგასმული იქნება, რომ საქართველო, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე აქტორი ამ რეგიონში, თვალყურს ადევნებს ამ პრობლემას, ამ კრიზისს და თავის პოზიციას აქტიურად გამოხატავს. ასევე დაგმობილი იქნება რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული როლიც,” – ამბობს სერგი კაპანაძე.

ენმ-ის ინიციატივას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე  მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, საქართველომ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია სირიის კონფლიქტზე:

“პრემიერმა გამოთქვა მზაობა ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე, კონსულტაციები მიმდინარეობს გაეროს შესაბამის ოფისთან. მკაფიო პოზიციას გამოხატავს ჩვენი ქვეყნის საგრეო უწყება, ხისტად, სწორად და მიზანმიმართულად. ვუერთდებით გაეროს წევრი ქვეყნების პათოსს ყველა კონტექსტში. შესაბამისად, არ მგონია, თქვენი მოთხოვნა იმ მიზანს შეესაბამებოდეს, რასაც წარმოაჩენთ,” – აღნიშნა მდინარაძემ.

სირიასთან დაკავშირებით პარლამენტსა  და მთავრობას 17 დეკემბერს რესპუბლიკურმა პარტიამაც მიმართა  და მოუწოდა  შეაფასოს მომხდარი მოვლენები და დაგმოს რუსეთის  მონაწილეობა სირიის სისხლიან კონფლიქტში, რომელიც დიდი ხანია გასცდა სამოქალაქო ომის ფარგლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი